ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering შეიმუშავებს , - ამის შესახებ "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა სასტუმრო "თბილისის მარიოტში" განაცხადა, სადაც აღნიშნული კომპანია წარადგინეს და მასთან "ანაკლია სითიმ" ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.
ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრტიანულმა კომპანიამ გაიმარჯვა საერთაშორისო ტენდერში, რომელშიც 20-მდე კომპანია მონაწილეობდა.
"ეს კვლევა საკმაოდ კომპლექსურია. მოიცავს როგორც ეკონომიკურ, ასევე ურბანულ ნაწილსაც. შემდეგი 3-6 თვის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც თავდაპირველად მოიცავს ინდუსტრიულ ლოგისტიკურ ნაწილს, ხოლო შემდეგ სხვა მიმართულებებიც იქნება, როგორიცაა ტურიზმი, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი, რეკრეაცია, ფინანსური ცენტრი და ა.შ. ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თავის მხრივ, "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ რამდემიმე თვის წინ გამოაცხადეს საერთაშორისო კონკურსი და გამოავლინეს კომპანია BuroHappold, რომელიც მსოფლიოში ამ მიმართულებით საკმაოდ ცნობილი კომპანიაა.
"უახლოეს თვეებში ჩვენ საზოგადოებას განსახილველად წარვუდგენთ კონცეფციას. გვინდა, რომ ანაკლიის ქალაქის განაშენიანებაში, გენგეგმაში, კონცეფციაში იყოს ჩართული ფართო საზოგადოება. ჩვენი მიმართულებაა, რომ ეს იყოს მწვანე ქალაქის განვითარება, გამორჩეული იმ ადგილმდებარეობით და ხასიათით, რომელიც საქართველოს და კონკრეტულად ამ კუთხეს გააჩნია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.