სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცისსარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.
სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალ ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ახალი ხორცი“ ანალოგიური დარღვევებისთვის თვის დასაწყისშიც დააჯარიმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).