დევნილთა სამინისტრო უცხოეთიდან საქართველოში გამოძევებულ მოქალაქეებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოთ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ არალეგალ მიგრანტთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
კერძოდ, 2015 წელს რეადმისირებულ იქნა 1 265 მოქალაქე, 2016 წელს - 1 600, ხოლო 2017 წელს - 2 102. სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში მათ საშუალება აქვთ, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში“ ჩაერთონ. შოთა რეხვიაშვილის თქმით, პროგრამა 2011 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად გააქტიურდა და მაშინ ევროკავშირის მხრიდან ფინანსდებოდა, თუმცა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„2015 წელს პროგრამის ბიუჯეტი 400 000 ლარი, 2016 წელს - 600 000 ლარი, ხოლო 2017 წელს - 590 000 ლარი იყო. 2018 წელს, საჭიროებიდან და ბენეფიციარების მომართვიანობიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა ამ თემის აქტიურობას და მნიშვნელობას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ 650 000 ლარი გამოვყავით. ამ თანხების განკარგვა და შესაბამისი სერვისების მიწოდება ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. პროგრამის მიზანია, შევამციროთ იმ პირთა ხელახალი ემიგრაციის რისკები, ვინც სამშობლოში დაბრუნდნენ. რა თქმა უნდა, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, მითუმეტეს, რომ მოთხოვნა მზარდია. კერძოდ, 2015-2016 წლებში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარად დარეგისტრირდა 618 დაბრუნებული მიგრანტი, საიდანაც სხვადასხვა სახის სარეინტეგრაციო დახმარება დაუფინანსდა 342-ს. 2017 წლის პროგრამის ფარგლებში (რომელიც 2018 20 თებერვლამდე გრძელდება), 20 აპრილიდან 20 დეკემბრის მდგომარეობით 459 მიგრანტის განაცხადი შემოვიდა, აქედან 100-მა მიიღო დაფინანსება სოციალური პროექტების სახით, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა დაუფინანსდა 53-ს, ხოლო დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილ იქნა 13 დაბრუნებული მიგრანტი.
ბუნებრივია, როდესაც რეადმისირებულია 2 102 პირი, ჩვენ კი, ჩვენი პროექტის ფარგლებში, შეგვიძლია დახმარება აღმოვუჩინოთ 150-160 პირს, ეს არასაკმარისია, რადგან ამოუწურავი რესურსი არ გვაქვს. ამ მომართვიანობიდან ვარჩევთ ხალხს, ვინც რეალურად წარმოგვიდგენს მის საჭიროებებს. სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების და პრობლემების შემდეგ, სამინისტროში ჩვენი პარტნიორები და დონორები შემცირდნენ, დაფინანსებაც საკმარისი აღარ არის. ამიტომ, 2015 წლიდან ეს პროექტი, რომელიც მანამდე ევროკაშირის დაფინანსებით ხორციელდებოდა, სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა“ წარმატებით ხორციელდება, გამომდინარე იქიდან, რომ 95-98% დაფინანსებული პროექტებისა, მუშაობს და პროგრამით მოსარგებლე პირთა ხელახალ ემიგრაციაში წასვლა არ ფიქსირდება. პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთის 4 000 ლარი არის გამოყოფილი, რაც შეიძლება მოხმარდეს როგორც ჯანდაცვის კუთხით დაფინანსებას, ისე საშემოსავლო პროექტებს.
ცნობისთვის, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა, საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით მზადდება საინფორმაციო მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის შესახებ.