შეერთებული შტატების ეკონომიკის დადებითი სტატისტიკა და ფედრეზერვის მიერ გამოქვეყნებული, მისი ბოლო სხდომის ჩანაწერები, დოლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს.
ამერიკული ვალუტის ინდექსმა, რომელიც მსოფლიოს ექვს წამყვან ვალუტასთან მის გასაშუალოებულ კურსს ასახავს, დღეს ზრდა გააგრძელა.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციით, წინა კვირაში უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების რიცხვი 7 ათასით, 222 ათასამდე შემცირდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით 230 ათასი იყო მოსალოდნელი.
ერთი დღით ადრე, ფედრეზერვმა თავისი ბოლო სხდომის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ცენტრალური ბანკის მმართველები თანხმდებიან იმაზე, რომ აშკარაა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და ინფლაციის მტების ტემპების დაჩქარება. ეს ორი ფაქტორი კი არის ძირითადი განმსაზღვრელი პირობა, როცა ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევის საკითხს განიხილავს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დოლარის კურსი მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რისი მიზეზიც ისაა, რომ სხვა წამყვანი ქვეყნები და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან მომენტს, როდესაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებენ. ეს კი ნიშნავს, რომ დოლარის და მისი „მეტოქე“ ვალუტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებას დაიწყებს.
დღეს ამერიკული დოლარის ინდექსი 0.13 პროცენტით გაიზარდა და 89,78-ს მიაღწია. ეს კი არც ისე შორსაა ბოლო კვირანახევრის მაქსიმუმისგან (90.17). შუადღისთვის ევრო-დოლარის წყვილის ფასი 1.2310 დოლარამდე შემცირდა. საერთოდ, ევროსთვის ბოლო ოთხ თვეში ეს მეორე ყველაზე წარუმატებელი კვირაა. იმავდროულად, დოლარის და ბრიტანული სტერლინგის წყვილის ფასი 1.3974 დოლარამდე შემცირდა. დოლარმა პოზიციები იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებითაც გაიმყარა.