თანამედროვე აკადემიური სივრცე, ევროკავშირის მასშტაბით აღიარებული დიპლომი, სასწავლო გრანტების მიღების საშუალება და მეგობრული გარემო - ეს მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რასაც ლიტვა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს.
ლიტვის ეროვნულმა პორტალმა, www.studyinlithuania.lt, დღეს, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მისულ სტუმრებს უმასპინძლა და ლიტვის უნივერსიტეტებში ვირტუალური მოგზაურობის საშუალება მისცა.
გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ლიტვის 10 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ, მომავალ სტუდენტებს მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამები და ის უპირატესობები გააცნეს, რასაც ლიტვაში სწავლა იძლევა.
ღონისძიებას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასიც ესწრებოდა, რომელმაც ლიტვაში არსებული განათლების მაღალ ხარისხსა და ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო შეთავაზებებზე ისაუბრა.
ლიტველმა სტუმრებმა სტუდენტებს ლიტვის უნივერსიტეტების, კულტურისა და სტუდენტური ცხოვრების წესის ვირტუალურად დათვალიერების საშუალებაც მისცეს.
ლიტვის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს სწავლის ყველა საფეხურზე სასწავლო გრანტებსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობენ.
გამოფენა "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში 23-24 თებერვალს, 11-დან 19 საათამდე გაგრძელდება.