კიბერნეტიკულ უსაფრთხოებაზე სპეციალიზებულმა კომპანია „რედლოკმა“ გამოაცხადა, რომ გატეხილია „ტესლას“ ღრუბლოვანი საინფორმაციო საცავი, რომლის სიმძლავრეებიც, ჰაკერებმა ციფრული ვალუტების მაინინგისთვის (მოპოვებისთვის) გამოიყენეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰაკერებმა პროგრამა „კუბერნეტსის“ გადალახვა და მასში ჯაშუშური პროგრამის ჩანერგვა შეძლეს, რომლის საშუალებითაც, საცავი უცნობ მაინინგ სერვერთან დააკავშირეს.
გარდა ამისა, ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა „ტესლას“ სარეგისტრაციო მონაცემების არქივი, რომელიც „ამაზონ S3“ საცავშია მოთავსებული. თუმცა ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ სატესტო ავტომობილების ტელემეტრიული ჩანაწერები გახდა. კლიენტების კონფიდენციურობა და მათი ავტომობილების უსაფრთხოება კი საფრთხის ქვეშ არ დამდგარა.
პროგრამა „კუბერნეტსის“ გამოყენებით, ჰაკერებმა ადრე სხვა ოპერაციებიც შეასრულეს. მაგალითად, მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ბრიტანულ სადაზღვევო კომპანია „ავივას“ და სიმ-ბარათების მწარმოებელ გიგანტ „გემალტოს“ საცავებში შენახული ინფორმაცია. მათივე ღრუბლოვანი საცავების სიმძლავრეები კი ასევე ციფრული ვალუტების მაინინგისთვის გამოიყენეს.
ცოტა ხნის წინ, „ტესლა მოდელ S-ის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, თავისი ელექტრომობილი ციფრული ვალუტის მოპოვების საშუალებად აქცია. ამისათვის მან მძლავრი ვიდეოამაჩქარებლებისგან მოსაპოვებელი კომპლექტი დაამზადა, რომელიც ავტომობილის ელემენტების ბლოკთან შეაერთა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მაინინგისთვის ელექტრომობილის იმ კომპიუტერის გამოყენება, რომელიც ავტოპილოტის რეჟიმს მართავს. თუმცა მასში შეღწევა ვერ შეძლო და ამ ჩანაფიქრზე უარის თქმამ მოუწია.