"საპენსიო რეფორმის ახალი შეთავაზებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს იმასთან შედარებით, რაც მთავრობამ შარშან წარადგინა"

საპენსიო რეფორმის ახალი შეთავაზებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს იმასთან შედარებით, რაც მთავრობამ შარშან წარადგინა, - ამის შესახებ ორგანიზაცია ISET-ის პრეზიდენტმა ერიკ ლივნიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე განმარტებით, საპენსიო რეფორმის შეფასების კვლევა, რომელიც ISET-მა 2017 წელს ჩაატარა, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით იმ დროს არსებულ შეთავაზებებს ეფუძნებოდა.

„ამჟამინდელი შეთავაზებები კი განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ შევაფასეთ. ახალი შეთავაზებები მე მთავრობასთან განვიხილე და მოხარული ვარ გითხრათ, რომ ისინი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს იმასთან შედარებით, რაც შარშან წარადგინეს. რიგ მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით მათ გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნები“, - განაცხადა ერიკ ლივნიმ.

რაც შეეხება საპენსიო რეფორმის საკითხზე ორგანიზაციის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს, ISET-ის პრეზიდენტის თქმით, ის „როგორც დადებით, ისე უარყოფით მომენტებს მოიცავს“.

„შარშანდელი კვლევის საერთო სურათი შერეული - არც დადებითი და არც უარყოფითი არ იყო. იყო დადებითიც და უარყოფითი მომენტებიც. მაგალითად, ის რომ დასაქმებულები წახალისდებიან დანაზოგი გააკეთონ, დადებითია. უარყოფით მომენტად კი შევაფასეთ ის, რომ ნათელი არ იყო, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი სტიმულირება, ვინც თვითდასაქმებულია, რათა ამ სისტემას შეუერთდნენ. ამ საკითხის გადაჭრა ნაწილობრივ მოხდა, როდესაც ამ სისტემაში კერძო სექტორი ჩართეს. ახლა პენსია არა მხოლოდ მთავრობის მიერ იქნება დაფინანსებული.

წინა წლის ვარიანტთან შედარებით მთავრობამ გაცილებით გააუმჯობესა საპენსიო რეფორმა ახალი შეთავაზებით. ახალი შეთავაზების ყველაზე დადებითი ასპექტი ის არის, რომ საბაზისო პენსია ინდექსირებული იქნება საშუალო ხელფასთან მიმართებაში. თუ პენსია ხელფასთან და არა ინფლაციასთან მიმართებაში დაკორექტირდება, ეს ნიშნავს, რომ პენსია უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ინფლაცია. რაც შეეხება უარყოფით ასპექტებს ახალ შეთავაზებაში, არ ვიტყოდი რომ უარყოფითია, მას უფრო თან სდევს რისკები. განსაკუთრებით ეს ეხება იმას, თუ როგორ მოხდება იმ ფულის ინვესტირება, რომელიც აკუმულირებულია სისტემაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტირება მყარი და საკმარისად დივერსიფიცირებული იყოს. მაგალითად, მთლიანი ინვესტიცია არ უნდა წავიდეს ლარის აქტივებში“, - განაცხადა ერიკ ლივნიმ.

მისივე ინფორმაციით, კვლევა USAID-ის დაკვეთით ჩატარდა და „შეფასება არ იყო საჯარო დანიშნულების“.

„USAID-ის გადასაწყვეტი იყო, ანგარიში გასაჯაროვდებოდა თუ არა“, - აღნიშნა მან.