დავით მესხიშვილი: "მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი"

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია.

ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო.

"ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ ასეთი ტიპის მშენებლობები ჩვენი აზრით, დაუშვებელია. მთლიანად ქედია მოხსნილი, ეს არის მთაწმინდა-კუს ტბის დამაკავშირებელი ქედი, რომელიდანაც წლების წინ ჭონქაძის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა და ბენზინგასამართი სადგური გაანადგურა, დაიღუპნენ ადამიანები. დარგის ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნულ ქედზე მცოცავი ქანებია, ნიადაგის

ჩამოშლა ძალიან ხშირად ხდება და რაც მთავარია, რაც უფრო სიღრმეში შედიან, კუს ტბის სიახლოვის გამო მიწა უფრო და უფრო ნესტიანი ხდება. ექსპერტების თქმით, ეს ქედი რაც უფრო თხელდება, არ არის გამორიცხული, რომ ამას მომავალში კუს ტბის წყლის გამოჟონვა და ჟვანია-კეკელიძის კვეთებზე გადმოსვლა მოყვეს. ეს იქნება უკიდურესად დიდი ტრაგედია.

ამ ხევის მეორე მნიშვნელოვანი დანიშნულება არის ის, რომ თავსხმა წვიმის დროს ხეობას აქვს მარეგულირებელი, წყალშემკრები და წყალშემაკავებელი ფუნქცია, როდესაც მის განადგურებას იწყებ, თავისთავად, თავსხმა წვიმის დროს ნიაღვარმა შეიძლება პირდაპირ როგორც ჟვანიას, ასევე კეკელიძის და შატბერაშვილის ქუჩები წალეკოს. ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომლის ნებართვის გამცემიცა და მისი მწარმოებელიც უნდა დაისაჯოს. ნებისმიერი დასკვნა, რაც კი შეიძლება ჩვენ დაგვიდონ, რომ ვითომ იქ გეოლოგიურად არავითარი პრობლემა არ არის, რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ არ ვენდობით გაყალბებულ და ფარატინა ფურცლებზე ვითომ ჩატარებულ კვლევებს, ასე იყო ჩატარებული კვლევა მეტროშიც და მაინც თავზე ჩამოენგრა ხალხს," - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

გაგრძელება იხილეთ