ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების მსხვერპლნი ხდებიან. მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, როგორ უნდა მიხვდნენ, თუ რა ტიპის გარიგება შეიძლება, ჩაითვალოს თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად და რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ასეთ გარიგებებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებს საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი უპასუხებს.
რას ნიშნავს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოჩვენებითი და ბათილია ისეთი გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.ხოლო, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ, ეს უკვე თვალთმაქცურ გარიგებად მიიჩნევა. თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ.
როგორია სასამართლოს პრაქტიკა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებასთან მიმართებით?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად თუ არ არსებობდა გარიგების მონაწილეთა ნება (სურვილი) გარიგებაში გამოხატული იურიდიული შედეგის დადგომის მიმართ.რა განსხვავებაა მათ შორის?
განსხავება მათ შორის ისაა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილეთა ნებას (სურვილს) წარმოადგენს დაფარონ სხვა გარიგება. მხარეების სურვილი მიმართული უნდა იყოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარად არის დადებული.
პრაქტიკის თანახმად, რა მიზნით მიმართავენ ხოლმე მოჩვენებითსა და თვალთმაქცური გარიგებას?
ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება, ასევე მითითებულ შემთხვევაში, მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი შეიძლება დაისვას. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება.კონკრეტული მაგალითი რომ გვითხრათ?
დღეის მდგომარეობით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე იძულებითი აღსრულებისგან თავის არიდების მიზნით მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებს ფორმალურად სხვა პირზე ან ოჯახის წევრზე აფორმებენ. ასეთი გარიგებები მუდმივ რისკთანაა დაკავშირებული და მათი ნამდვილი სამართლებრივი ბუნება კონკრეტული საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვონ იმ გარიგების ბათილობა, რომლითაც გამსხვისებელმა ქონება სხვა პირს ფორმალურად გადასცა მათ წინაშე არსებული ვალდებულებების თავის არიდების მიზნით.თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მტკიცების ტვირთი როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში იმ პირს აწევს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები.
ვის აკისრია მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი?
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა. სასამართლოსთვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება.