ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოში შრომის ბაზრის ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზეც არის საუბარი.
კერძოდ, დასაქმების კერძო სააგენტოს - hr.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების მიხედვით მოთხოვნად პროფესიებს შორის ლიდერობს: გაყიდვების სფეროს მუშაკები; ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები (ყიდვა-გაყიდვის აგენტები და ბროკერები, კომერციული მომსახურებების აგენტები) და ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები (ფინანსების სფეროს პროფესიონალები, ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს პროფესიონალები).
2016 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა გაყიდვების სფეროში იყო, სადაც მოთხოვნის ხვედრითმა წილმა 24.48% შეადგინა. მას მოსდევს ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები - 14.36%-ით; მე-3 ადგილზე კი 7.93%-ით ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროა.
მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალში მოხვდა ასევე: ადმინისტრაციული და კომერციული მენეჯერები; ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები; წარმოებისა და სპეციალური მომსახურებების მენეჯერები; ინდივიდუალური მომსახურების მუშაკები; მომხმარებელთა მომსახურების სფეროს მუშაკები და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები.