სატრანსპორტო გემებზე აღმოჩენილი ხოჭოები გახდა იმის მიზეზი, რომ ახალი ზელანდიის სასაზღვრო სამსახურმა, სამი დიდი სატვირთო გემიდან, ათასობით იაპონური ავტომობილის ჩამოტვირთვის ნებართვა არ გასცა.
ავტომობილების გარდა, ამავე გემებით სხვა ტიპის სამანქანო ტექნიკაც გადაჰქონდათ.
აღნიშნული ტიპის ხოჭოები (ჩვენში გავრცელებული ფაროსანას მსგავსი) სწრაფად მრავლდებიან, არიან სხვადასხვა ტიპის პესტიციდების მიმართ გამძლეები და იკვებებიან მცენარეებით. ახალი ზელანდიის ეკოლოგიური სამსახური მიიჩნევს, რომ ასეთ ხოჭოებს, ქვეყნის ეკოსისტემისთვის დიდი ზარალის მიყენება შეუძლია.
როგორც ახალი ზელანდიის იმპორტირებული ავტომობილების ინდუსტრიის ასოციაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ვინსენი ამბობს, სამივე გემზე 10 ათასზე მეტი იაპონური ახალი და მეორადი ავტომობილი იყო დატვირთული. „ამ პოსტზე მუშაობის 15 წლის და ამ ინდუსტრიაში მუშაობის დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, მსგავსი არაფერი მინახავს“, - ამბობს ვინსენი.
იმ ავტომობილების გარდა, რომლებიც ახალი ზელანდიისთვის არის განკუთვნილი, გემებს უკან, იაპონიაში უნდა წაეღოთ დაახლოებით 8 ათასი, სხვადასხვა დანიშნულების მანქანა-დანადგარი. მყრალი ხოჭოების გამო, მუშებს სამუშაო დღე შეუმცირეს და დროებით დაითხოვეს.
ახალი ზელანდიის მთავრობამ სასწრაფოდ შემოიღო ახალი წესები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან პოტენციურად საშიში მწერების შემოტანის თავიდან აცილებას ემსახურება. ამ წესების თანახმად, იაპონიიდან შემოტანილი ყველა მეორადი ავტომობილი, სპეციალურ შემოწმებას და დეზინფექციას ექვემდებარება.