"შესაბამისი კვლევები უნდა იყოს წარმოდგენილი" - კახა კალაძე ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ

"საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია",- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

ის „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზეპირად, დოკუმენტებისა და კვლევის გარეშე საუბარი, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა, არასწორია.

"უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევები. მესხიშვილი რამეს ამბობს ან რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უნდა იყოს შესაბამისი კვლევები წარმოდგენილი, რომ აღნიშნული ადგილი არის მეწყერსაშიში ან სხვა რამე პრობლემაა. ასე ზეპირად ლაპარაკი არასწორია. დოკუმენტებზე და კვლევებზე დაყრდნობით კი ბატონო, ვიმსჯელოთ და გავიაროთ. გაუგებარია საუბარი, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა. თუ კვლევა არ არის ჩატარებული, რის საფუძველზე ლაპარაკობს მესხიშვილი?!",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტაცია, რომელიც არის შემოსული კომპანიის მხრიდან, ყველანაირ ნორმებს აკმაყოფილებს. "მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო. წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონის ყველა მოთხოვნას კომპანიის მხრიდან. დანარჩენი, თუ რამე პრობლემა იქნება რაც შეეხება იქ არსებულ მდგომარეობას თუ დოკუმენტებს, მერიის ყველა სამსახური მზად არის დეტალურად გაიაროს ეს საკითხები",- განაცხადა კალაძემ.