„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს. აღნიშნულს პარლამენტში შესული სახალხო დამცველის ინიციატივა გულისხმობს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მისი მიღების მიზეზია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საპენსიო ასაკის პირებს, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება მიეცეთ.
„კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან გალის რაიონში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება პროგრამა, რომლის თანახმად გალის რაიონის მკვიდრ აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება უფასოდ გაიარონ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამთვიანი კურსი. აღნიშნული მიზნისთვის, პროგრამაში დასაქმებულია 46 მასწავლებელი და სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას იღებენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული 11 პედაგოგი ასაკით პენსიონერია, რომელთაც 2016 წელს, აბიტურიენტთა მოსამზადებელი პროგრამის 3 თვიან პერიოდში, შრომითი ანაზღაურების პარალელურად, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება ვერ მოიპოვეს, ვინაიდან „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს,“-ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ჩაითვალოს საჯარო საქმიანობად, რაც თავის მხრივ მათთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნას გამოიწვევს.
რაც შეეხება კანონპროექტის ბიუჯეტზე მოსალოდნელ გავლენებს, ცვლილება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, აღნიშნული პროგრამის განხორციელების პერიოდისათვის (სამი თვე) პროგრამაში ჩართული ასაკით პენსიონერი 11 პედაგოგისთვის გასაცემი პენსიის ჯამური ოდენობა ყოველწლიურად 5 940 ლარს შეადგენს.