მაია ხელაძე - „ხალიკ ბანკის“ ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკონტაქტო საგადახდო პროდუქტების - საგადახდო საათის, სტიკერის ან უკონტაქტო ბარათის გამოყენებითაც შესაძლებელია

„ხალიკ ბანკი“ სს „ყაზახეთის სახალხო ბანკის“ შვილობილი ბანკია, იგი საქართველოს საბანკო სექტორში უკვე მეათე წელია საქმიანობს. როგორც ბანკში განმარტავენ, არსებობის მანძილზე ისინი მუდმივად ცდილობენ ისეთი სიახლეები დანერგონ, რომლებიც მომხმარებლებს მეტ კომფორტს შეუქმნის. „ხალიკ ბანკი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში კლიენტებს უკონტაქტო ტექნოლოგიური პლატფორმები შესთავაზა. როგორ იყენებს მომხმარებელი აღნიშნულ ტექნოლოგიებს, რატომ ირჩევენ მას და კიდევ რას გეგმავს ბანკი, უკონტაქტო საგადახდო ინსტრუმენტებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ „ხალიკ ბანკის“ საბანკო ბარათების დეპარტამენტის უფროსი მაია ხელაძე ესაუბრა.

- უკვე რამდენიმე წელია „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კლიენტებს შეუძლიათ, რომ ისარგებლონ უკონტაქტო საგადახდო ტექნოლოგიებით, მაგალითად, როგორიცაა Pay Sticker. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ მისი უპირატესობა და როგორია შედეგები, ბანკის მომხმარებლების რამდენი პროცენტი სარგებლობს Pay Sticker -ით?

- საქართველოში უკონტაქტო გადახდები, პირველად რეგიონში, 2009 წლიდან დაინერგა. ეს საგულისხმო თარიღია გადახდების ინდუსტრიაში ჩართული მონაწილეებისთვის - პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სწორედ საქართველოში შესრულდა პირველი უპონტაქტო ტრანზაქცია! შემდეგ ქართველებმა შევიყვარეთ გადახდის ეს სახეობა, რადგან მარტივი, სწრაფი და მოხერხებულია. ადამიანები ყოველდღიურ ოპერაციებს ხელის ან ბარათის ერთი მიდებით ადვილად ახორციელებდნენ. ჩემი კოლეგები - უკრაინიდან, რუსეთიდან ხშირად კითხულობენ, თუ როგორ მოვახერხეთ, რომ დღეს საქართველოს ლიდერი პოზიციები უკავია ბაზარზე უკონტაქტო გადახდების რაოდენობრივი მაჩვენებლით ჩვეულებრივ გადახდებთან მიმართებაში. ეს ალბათ, იმიტომ, რომ უკონტაქტო გადახდებს უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ, მათ შორის ტრანსპორტში, ბოლო ათეული წელია ეს ტექნოლოგია გვაქვს. ხალხი მას ენდობა, იცის, თუ რამდენად კომფორტულია. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიამ საქართველოში უფრო ადრე გაიარა ადაპტაცია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც შედარებით უფრო მოგვიანებით დაინერგა ის. თავიდან იყო სკეპტიკოსების განწყობაც, რადგან არ ენდობოდნენ, მაგალითად, როგორც დღეს არის არაერთგვაროვანი პოზიცია „ბლოკჩეინთან“ მიმართებაში. ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებით თავიდან უნდობლობა ყოველთვის არის, მაგრამ უკონტაქტო გადახდები არის ის, რამაც გაამართლა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად, მსოფლიოში. საქართველოში ემტირებულია 9 მილიონი საბანკო ბარათი. გამოდის, რომ თითოეულ ადამიანს საშუალოდ, 3 ბარათი აქვს. ეს ბარათები შეიძლება იყოს ერთი, ან რამდენიმე ბანკის გამოშვებული.

წარმოიდგინეთ როგორი მძაფრია კონკურენცია ბანკებს შორის, რომ მომხმარებელმა, პირველ რიგში, შენი პროდუქტით ისარგებლოს. კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით, დავიწყეთ ისეთი ინსტრუმენტების განვითარება, რომელიც მომხმარებელს მეტ კომფორტს შეუქმნიდა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მას მოსწონდა უკონტაქტო გადახდები, ამიტომ გავყევით ამ ტექნოლოგიას. „ხალიკ ბანკი“ იყო პირველი, რომელმაც 2015 წელს საქართველოში მობილური ექვაირინგი mPOS ტერმინალები დანერგა, რომლებიც მათ შორის, უკონტაქტო გადახდებასაც იღებდა. ეს ტერმინალები სტანდარტული POS ტერმინალებისგან ფასით და შესაძლებლობებით იმდენად განსხვავდება, რომ მისი გამოყენება მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში თავისუფლადაა შესაძლებელი, მაგალითად ტაქსის კომპანიებსა და საკურიერო სერვისში. „ხალიკ ბანკი“ ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებს თავის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებთან. ამ მხრივაც „ხალიკ ბანკი“ იყო უკონტაქტო გადახდების ხელისშემწყობი. რაც შეეხება Pay Sticker-ს, ეს იგივე საბანკო ბარათია, რადგან ისიც საბანკო ანგარიშთანაა დაკავშირებული და მისი მიკვრა შეიძლება ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას - ტელეფონზე, საფულეზე და ა.შ. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებელი მას უმეტესად მობილურ ტელეფონზე მოიხმარს. სტიკერი, ისევე როგორც ბარათი, ჩიპითა და ანტენითაა აღჭურვილი. ჩემი აზრით, სტიკერი ვერ ანაცვლებს მობილური ტელეფონით გადახდებს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ არც Apple Pay და არც Samsung Pay საქართველოში ჯერჯერობით არ არის, სტიკერმა საქართველოში ეს ტექნოლოგია გარკვეულწილად ჩაანაცვლა, ამიტომაც მისი პოპულარობა ჩვენთან შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სადაც Apple Pay და Samsung Pay მუშაობს. სტიკერს მომხმარებელი იყენებს, რათა საგადახდო ოპერაციები ბევრად უფრო მარტივად შეასრულოს. იქედან გამომდინარე, რომ ასეთი გადახდა მოსახერხებელია და სწრაფიც, მისი პოპულარობაც მაღალია. გადახდების 30%-დან 50%-მდე სწორედ სტიკერითა და საათით გადახდაზე მოდის, რაც არის უკონტაქტო გადახდები.

bpn- თქვენ უკვე ახსენეთ საათი, როგორ ცნობილია, „ხალიკ ბანკის“ კლიენტებს

გარკვეული ტრანზაქციების შესრულება უკონტაქტო საგადახდო საათით - Watch2pay-ით შეუძლია. გაამართლა თუ არა ამ ტექონოლოგიამ და რამდენად დიდია მოთხოვნა აღნიშნული ტიპის საათებზე?

- საგადახდო საათი, რომელიც არის MasterCard-ის პროდუქტი და ბრენდირებულია MasterCard Watch2pay სახელწოდებით, ასევე აღჭურვილია ანტენითა და ჩიპით. აღნიშნული საათი ავსტრიული კომპანიის - Laks-ის პროდუქტია. ამ საათის სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა ძირითადად სპორტული სტილისაა. საერთაშორისო ბაზარზე ასევე არსებობს Bvlgari-ის სადაგახდო საათი, თუმცა მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია. საგადახდო საათები საქართველოს ბაზარზე უკვე ორი წელია დავნერგეთ. მათი შეძენა შესაძლებელია ჩვენი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

ამისთვის აუცილებელია ჩვენს ბანკში ანგარიშის გახსნა. ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია მართოს თანხები ანგარიშზე დისტანციურად. საათის მიმართ ინტერესის გამომხატველი მომხმარებელი, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდა და შუახნის თაობაა, თუმცა უფრო კონსერვატიული კლიენტებიც სიამოვნებით სარგებლობენ მისით. მსგავსი ტექნოლოგია გადახდის მომენტში არ გიქმნის შეფერხებას - ტრანზაქციები ყოველთვის შედეგიანად სრულდება, რაც თავის მხრივ, აღნიშნული პროდუქტის მიმართ ქმნის ნდობას და კეთილგანწყობას. საგადახდო საათით შეგიძლია სასურველი ტრანზაქცია განახორცილო და არ გიწევს არც საფულის, არც ჩანთის და არც მობილურის ტარება. კომფორტთან ერთად, მას გააჩნია კიდევ ერთი უპირატესობა, რომ არის უსაფრთხო, რადგან ის ხელზე გიკეთია, ვერვინ მოგპარავს და ვერც მონაცემებს დააკოპირებს, რადგან ბარათის მონაცემები, რომელიც საათის ჩიპშია, არსად ჩანს. გარდა ამისა, საათის სხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების შემთხვევები საერთოდ არ დაფიქსირებულა. ანუ ეს პროდუქტი კიდევ უფრო უსაფრთხო აღმოჩნდა ვიდრე კონტაქტური ბარათი. მომხმარებელს ეს პროდუქტი მოსწონს. საათი შედარებით იაფი რომ იყოს, უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებოდა, რადგან იმ სეგმენტისთვის, ვისთვისაც აღნიშნული პროდუქტია განკუთვნილი, ფასი განმსაზღვრელია. ჩვენ ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ ფასის ოპტიმიზაციას და შედარებით დაბალ ფასად შევთავაზოთ პროდუქტი სეგმენტს. საათი არც ახლაა ძალიან ძვირადღირებული, თუმცა შედარებით ნაკლები ფასის შემთხვევაში, ის უფრო მასიური მოხმარების გახდება. გამოხმაურება, რაც ამ პროდუქტს ჰქონდა, იყო მხოლოდ დადებითი, მომხმარებელს მოსწონს ის და შესაბამისად, სამომავალოდ კიდევ უფრო აქტიურად დაინერგება. იმედი გვაქვს სხვა ბანკებიც შემოგვირთდებიან.

- როგორც ცნობილია, „ხალიკ ბანკი“ უკონტაქტო ტექნოლოგიის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ რას მოიცავს და რა უპირატესობა ექნება?

- ის სიახლე, რომელიც მიმდინარე კვირას დავნერგეთ, არის ის, რომ არა მხოლოდ POS ტერმინალებში მომსახურების ან საქონლის ღირებულების გადახდისას, არამედ უკვე ბანკომატებშიც, თანხის განაღდებისთვის, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს საგადახდო საათი, სტიკერი და უკონტაქტო ბარათი. კერძოდ, ბარათის ჩადების ნაცვლად, მომხმარებელი „ხალიკ ბანკის“ ბანკომატს უბრალოდ მიადებს უკონტაქტო ბარათს, საათს, სტიკერს და შეასრულებს თანხის განაღდების ოპერაციას. თან არც ბარათი ჩარჩება შემთხვევით ბანკომატში და არც საფულის ამოღება დასჭირდება ჩანთიდან ან ჯიბიდან. ამ ტექნოლოგიას ეტაპობრივად ჩვენს ყველა ბანკომატზე გავავრცელებთ. ამით ჩვენს მომხმარებელს არსებული პროდუქტების მოხმარების არეალს კიდევ უფრო გავუზრდით. მსოფლიოს მასშტაბით ბანკები ცდილობენ, რომ საკუთარი ბანკომატების ქსელი უკონტაქტო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობით აღჭურვონ.

bpn- ბანკომატებში თანხის განადღების ოპერაციის შესრულების დროს უკონტაქტო ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა თუ არა პინ კოდი?

- ბანკომატში ოპერაციის შესრულება ცხადია დაკავშირებულია პინ კოდის შეყვანასთან. თუ POS ტერმინალებზე გადახდისას 50 ლარამდე თანხაზე არ არის საჭირო პინ კოდის აკრეფა, ამ შემთხვევაში ბანკომატზე ნებისმიერი თანხის განაღდება პინ კოდს ითხოვს. პინ კოდის შეყვანის შემდეგ, მომხმარებელი თანხის მიღების სტანდარტულ ოპერაციას ატარებს.

- შეძლებს თუ არა მომხარებელი ბანკომატის საშუალებით თანხის განაღდებისას გამოიყენოს იგივე პინ კოდი, რაც მის უკონტაქტო საგადახდო ტექნოლოგიას გააჩნია?

- ყველა საგადახდო ინსტრუმენტს აქვს თავისი პინ კოდი, მაგალითად, ბარათს, საათს, სტიკეტს აქვთ საკუთარი პინ კოდები და ცხადია, მომხმარებელი ამ პროდუქტებით სარგებლობისას შესაბამის პინ კოდს იყენებს.

- შეძლებს თუ არა „ხალიკ ბანკის“ მომხმარებელი უკონტაქტო ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვა ბანკების ბანკომატებიდან თანხის განაღდებას, თუ გაქვთ ამ კუთხით მოლაპარაკება მათთან?

- იმისთვის, რომ ერთი ბანკის პროდუქტი სხვა ბანკის ბანკომატში იყოს მიღებული, ბანკების შეთანხმება საჭიროება არ არის. რადგან საგადახდო საათი, სტიკერი, ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემებში Visa, MasteCard სერტიფიცირებული საგადახდო პროდუქტებია, ბანკები, ვინც ჩართულები ვართ ამ საგადახდო სისტემებში, ვალდებულნი ვართ ნებისმიერი ბანკის Visa,

MasteCard პროდუქტი მივიღოთ ქსელში, შესაბამისი ტექნოლოგიური ბაზის არსებობის პირობებში. ამიტომ ამას დამატებითი თანამშრომლობა ბანკებს შორის არ სჭირდება. თუ სხვა ბანკებიც ჩართავენ თავის ბანკომატებში უკონტაქტო გადახდების მიღების შესაძლებლობას, ჩვენი კლიენტები ისარგებლებენ ამ სერვისით ისევე როგორც ჩვენც მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს ქსელში სხვა ბანკის უკონტაქტო ტრანზაქციები შესრულდება.

- აპირებს თუ არა სამომავლოდ კიდევ სიახლის დანერგვას „ხალიკ ბანკი“ საბარათე ტექნოლოგიების კუთხით?

- "ხალიკ ბანკის" სამომავლო განვითარების სტრატეგია მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რათა მათი კმაყოფილების გაზრდას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

(R)