„კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის მშენებლობა მუხრანის ველზე, 2018 წლის მარტის პირველ ნახევარში დაიწყება, უკვე 2019 წლის აპრილში კი მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესმენმა, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, რომლის განსახორციელებლად 18 მილიონი ევრო დაიხარჯება.
„პროექტი გამზადების პროცესშია. მიმდინარე წლის მარტის პირველ ნახევარში დავიწყებთ. მუხრანის ველზე ახალი ქარხანა 55 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, აქედან 28 ათას კვადრატულ მეტრზე უშუალოდ ქარხნის დახურული ნაწილი იქნება. საკმაოდ დიდი პროექტია და საერთო ჯამში 18 მილიონ ევრომდე ინვესტიცია ჩაიდება. ჩვენი გათვლებით, 2019 წლის აპრილში ჩვენი ქარხანა უკვე ამუშავებული უნდა იყოს“, - აღნიშნავს ჭყონია.
მისი თქმით, ახალ ქარხანაში „კოკა-კოლას“ მუზეუმიც განთავსდება, რომელშიც საქართველოში ბრენდის ისტორიის შესახებ ინფორმაციები იქნება თავმოყრილი.
„არსებული ქარხნის დანადგარების გადატანა მოხდება და ასევე, ახალ დანადგარებს შევიძენთ. ამჟამად ქარხანაში 250-მდე თანამშრომელი გვყავს დასაქმებული. ახალ ქარხანაში კი დასაქმებულთა რაოდენობას გავზრდით. გვერდით სოფლებიდან ხალხს დავასაქმებთ. ასევე, „კოკა-კოლას“ მუზეუმს გავაკეთებთ, რომელშიც საქართველოში მთელი ჩვენი ისტორია იქნება თავმოყრილი. მედიისთვის, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის პრეზენტაციები და ლექციები ჩატარდება. მათ წარმოების პროცესს ვაჩვენებთ“, - აცხადებს ჭყონია.
რაც შეეხება წერეთლის გამზირზე მდებარე „კოკა-კოლას“ არსებული ქარხნის ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც ახალი ქარხანა აშენდება, აღნიშნულ ადგილზე ბიზნესმენი პატარა უბნის მოწყობას გეგმავს. მის განვითარებაზე საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-მ პროექტირება რამდენიმე თვის წინ დაასრულა და მას შემდეგ თემურ ჭყონია დეველოპერს ეძებს, რომელიც უბანს გააშენებს. მისივე თქმით, უბნის გაშენებისთვის დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო.
„რადგანაც ჩვენ მშენებლობის გამოცდილება არ გვაქვს, შესაბამისად, დეველოპერს ვარჩევთ. ობიექტს ან გავყიდით, ან უბრალოდ მართვაში გადავცემთ. ეს უკვე მას შემდეგ გადაწყდება, რაც დეველოპერს შევარჩევთ. ეს არის 27 ათასი კვადრატული მეტრი, სადაც გვინდა, რომ უბანი გაშენდეს, თუმცა დეველოპერი კონცეფციას თავად ჩამოაყლიბებს, რა და როგორ ააშენოს. ჩვენი სურვილია, რომ უბანი გაშენდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სავარაუდოდ, აქ იქნება 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი კორპუსი და სპორტული დარბაზი.
მისი ინფორმაციით, რუმინეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან რამდენიმე დეველოპერული კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა საბოლოო გადაწვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებენ: „პროცესი აქტიურ ფაზაში ორ თვეში შევა და კონტრაქტორი კომპანია პროექტის პრეზენტაციას გააკეთებს. ამის შემდეგ უფრო მეტი წინადადება წამოვა და დეველოპერსაც ავარჩევთ“, - აცხადებს თემურ ჭყონია.
თეონა კენჭიაშვილი