საფოსტო სფეროში მოქმედი ოპერატორები "საფოსტო კავშირის შესახებ" პროექტს აპროტესტებენ

საფოსტო სფეროში მოქმედი ოპერატორები "საფოსტო კავშირის შესახებ" პროექტის სამუშაო ვარიანტს აპროტესტებენ.

დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე პროექტის სამუშაო ვარიანტს განიხილავენ, რომელსაც საფოსტო სფეროში მოქმედი ოპერატორების წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც საფოსტო სფეროში მოქმედი ოპერატორების წარმომადგენლები აცხადებენ, ცვლილება, რომელიც კანონში უნდა განხორციელდეს, პრობლემას უქმნის კერძო ოპერატორებს და "საქართველოს ფოსტას" მონოპოლისტის სტატუსს ანიჭებს.

,,ის ცვლილებები, რომელიც კანონში უნდა შევიდეს, ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. 1994 წლიდან საქართველოს აქვს ვალდებულება, განახორციელოს უნივერსალური გადაზიდვები, რადგან ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო კავშირის წევრია. თუმცა ამ კანონით, რომელიც ჯერ მხოლოდ განხილვის საგანია, პრობლემები ექნებათ კერძო ოპერატორებს. ვაპირებთ ხელშეკრულება გავაფორმოთ კომპანიასთან, რომელიც მზად არის ამ საქმეში 30 მილიონ ლარზე მეტი თანხა ჩადოს, თუმცა ის ამ კანონის მიღებით თავს შეიკავებს საქართველოსთან თანამშრომლობაზე", - აცხადებს კომპანია TNT-ს წარმომადგენელი ნინო მენთეშაშვილი.