საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას იწყებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას იწყებს.

საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ნინო ბოლქვაძის თქმით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამ ეტაპზე მომზადდება ვიდეოკლიპები, რომელიც მოსახლეობას აუხსნის, რა რისკებს შეიცავს ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევა; გაიმართება შეხვედრები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

"ამ ეტაპზე იკვეთება ორი სახის პრობლემა - თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა და კრიმინალის ზრდა. ჩვენი პასუხი არის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის დაწყება, იმ კომპლექსური რეფორმების გარდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობითაც ხდება. დღეს ვაანონსებთ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის დაწყებას. ეს იქნება კომპლექსური საინფორმაციო კამპანია, რომელიც შედგება როგორც მედიაკომპონენტისგან, ასევე საინფორმაციო მასალების მომზადებისგან. მთელი საქართველოს მასშტაბით ასამდე შეხვედრას ვატარებთ მხოლოდ მარტის თვეში, შემდეგ დავამუშავებთ სტატისტიკურ მონაცემებს და შემდეგი თვის გეგმას იმის მიხედვით დავსახავთ",- განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.