პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიების - Nord Pool AS-ისა და Bluberries GmbH-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს გააჩნიათ ევროპის ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრის მართვის დიდი გამოცდილება, ამდენად, მათი რეკომენდაციები საქართველოში შესაბამისი სექტორის რეფორმის მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ისინი მიაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოში შეიქმნას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი და ქვეყანა გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, Nord Pool AS ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია ევროპაში. კომპანია ოპერირებს ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში და ევროპის 15 ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის ნომინირებული ოპერატორია (NEMO). გარდა ამისა, Nord Pool AS ემსახურება ბულგარეთისა და ხორვატიის ბაზრებს. სკანდინავიის ბაზარზე მოხმარებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი Nord Pool-ზე ივაჭრება. Nord Pool AS მსოფლიოს პირველი მულტინაციონალური ენერგო ბირჟა იყო. დღეს, Nord Pool AS-ს 20 ქვეყანაში 380 წევრი ჰყავს, მათ შორის საჯარო და კერძო ენერგომწარმოებლები, საინვესტიციო კომპანიები, ბანკები და ფინანსური ინსტიტუციები.
Bluberries GmbH მიუნხენში 2011 შეიქმნა ენერგოინდუსტრიისთვის საკონსულტაციო მომსახურების მიზნით.