"მნიშვნელოვანია, რომ აზიური ფაროსანა არ გახდეს რაიმე საარჩევნო კამპანიის ნაწილი", - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.
დეპუტატების მიერ მინისტრისთვის შეკითხვების დასმის შემდეგ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მას სურს განცხადებებს ერთგვარი რეზიუმე გაუკეთოს.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვარი არ გადავლახოთ და კონსტრუქციულობა შევინარჩუნოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გახდეს რაიმე საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რა თქმა უნდა, ფაროსანას ვგულისხმობ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზება. გეგმა, რომელიც ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარმოგვიდგინა, როდესაც ამ თემაზე გვქონდა შეხვედრა, ნამდვილად კარგია, მას კარგი შესრულება სჭირდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, კოორდინაცია, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემის უმაღლეს დონზე აწევა. ამის აღსრულების ნაწილში არის მაღალი მობილიზაცია საჭირო და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა. შეიძლება ისე სწრაფად მოვიდეს კლიმატური პირობები, რომელიც ამ პრობლემას კიდევ ერთხელ გააღვივებს. ამიტომ, მინისტრს მივცეთ საშუალება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება. კიდევ ერთი საკითხი - დღეს იყო საუბარი, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს პარლამენტში, თუ - არა. პარლამენტი არის ის ადგილი სადაც უნდა ვისაუბროთ, აქ უნდა განვიხილოთ ყველაფერი. განსაკუთრებით ის საკითხები, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და ინტერესის საგანია, ამიტომ პარლამენტარები გადაწყვეტენ იმას, თუ რაზე უნდა ისაუბრონ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.