გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშოებს ორი სამშენებლო კომპანია - „ინსი“ და „ანაგი“ განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
როგორც ცნობილია, გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს. თანხის განკარგვის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდმა“ „სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ წერილობით 14 თებერვალს მიმართა. აღნიშნულმა სააგენტომ „თბილისის განვითარების ფონდს“ ნებართვაზე თანხმობა 20 თებერვლის განკარგულებით დაუდასტურა.
ამასთან, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას 50 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების გამო აკრიტიკებდა.
„თბილისის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოები 30-მდე მისამართზე უნდა განხორციელდეს. პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.