ფედრეზერვის ახალი თავმჯდომარის გამოსვლის მოლოდინში დოლარი შემცირდა

დოლარის ინდექსმა ახალი სავაჭრო კვირა მცირე კლებით დაიწყო, რითაც წინა კვირაში მოპოვებული პოზიციების ნაწილი დათმო.

ინვესტორები ფედრეზერვის ახალი თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის კონგრესის წინაშე პირველი გამოსვლის მოლოდინში არიან და აქტივობისგან თავს იკავებენ. ამის გამო, საფინანსო ბაზარზე აქტივობა შედარებით შემცირებულია.

ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 0.21 პროცენტით, 89.62-მდე შემცირდა. წინა კვირაში ინდექსის ზრდამ 0.9 პროცენტს მიაღწია, მანამდე კი ბოლო სამი წლის მინიმუმი (88.15) დააფიქსირა.

დოლარის გამოცოცხლებას ხელს შეერთებული შტატების ეკონომიკის დადებითი სტატისტიკური მონაცემები უწყობს. ამან გაზარდა იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთის ზრდის ტემპს გაზრდის. შესაბამისად, სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი მოელის, რომ წელს განაკვეთი ოთხჯერ გაიზრდება და არა სამჯერ, როგორც ძველი პროგნოზით იყო ნავარაუდები.

რაც შეეხება დღევანდელ კლებას, მისი მიზეზი ინვესტორთა აქტივობის შემცირებაა. კონგრესში (სამშაბათს) და სენატში (ხუთშაბათს) პაუელის გამოსვლის მოლოდინში, მოვაჭრეები ბაზარზე პოზიციების დახურვას და მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, ახალი პოზიციების გახსნას გეგმავენ.

ევრო-დოლარის წყვილი 0.13 პროცენტით, 1.2319 დოლარამდე გაიზარდა. ამჟამად ინვესტორების ყურადღების ცენტრში იტალიის არჩევნებია, რომელიც მარტში გაიმართება. გარდა ამისა, ევროპული პარლამენტის წინაშე წარსდგება ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მარიო დრაგი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის თემაზე იმსჯელებს.

ევროს მსგავსად, დოლართან წყვილში ბრიტანული სტერლინგი და იაპონური იენიც გაიზარდა. სტერლინგ-დოლარის წყვილი 0.51 პროცენტით, 1.4046 დოლარამდე გაიზარდა, დოლარი-იენის წყვილი კი 0.21 პროცენტით, 106.56 იენამდე შემცირდა.