ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების გადადების მიზეზებს განმარტავს.
მინისტრის განცხადებით, „ამ ეტაპზე აღნიშნულ სექტორს არსებული საგადასახადო რეჟიმიც ეყოფა იმისთვის, რომ განვითარდეს“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში დასმული ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბახტაძის თქმით, საბანკო სექტორს საკმარისი თანხები გააჩნია, რომ მომხმარებელს უფრო კონკურენტუნარიანი სერვისი შესთავაზოს.
„თუ ნახავთ ქართული საბანკო სისტემის ფინანსურ ანგარიშგებებს, მარტივია იმ აზრამდე მისვლა, რომ არსებულ საგადასახდო რეჟიმშიც კი ქართულ საბანკო სისტემას აქვს საკმარისი თანხები რომ განვითარდეს, მომხმარებელს უფრო კონკურენტუნარიანი სერვისები შესთავაზოს. საფინანსო სექტორში მხოლოდ საბანკო სექტორი არ შედის. ჩვენ ცალკე განვიხილავთ სადაზღვევო ბიზნესთან აღნიშნული რეგულაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აქ შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საბანკო სექტორისთვის ამ ეტაპზე დამატებითი პრეფერენციების საჭიროება არ დგას.
„მნიშვნელოვანი კონსულტაციები გვქონდა თავად ბანკებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. საერთო კონსენსუსია ის, რომ ბანკებს აღნიშნული საგადასახდო რეჟიმიც ეყოფათ, რათა განვითარდნენ. ასევე, მეორე მიზეზი, რის გამოც გადავავადეთ მათთვის ესტონური მოდელის ამოქმედება, არის ის, რომ კაპიტალის ბაზრების განვითარება დავიწყეთ. აქამდე ბანკები ამ მხრივ აქტიურობდნენ და იმედი გვაქვს, რომ შემდგომშიც ბანკები კაპიტალის ბაზარს განავითარებენ და ახალი მიმართულების ათვისებასაც შეძლებენ. გადავწყვიტეთ, რომ საბანკო სექტორისთვის დამატებითი პრეფერენცია არ მიგვეცა“, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მისი ამოქმედება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.
თეონა კენჭიაშვილი