ციფრული ვალუტების ბაზარზე ფასები ისევ მერყეობს

ციფრული ვალუტების ბაზარმა ახალი კვირის დასაწყისში მიმართულება ვერ აირჩია. ვალუტებზე ფასების ზრდა კლებასთან მონაცვლეობს.

მთავარი ორი ინფორმაცია კი, რომლებმაც ინვესტორთა ყურადღება მიიპყრო, ვალუტების გაცვლების პლატფორმა კოინბეისს და მეხუთე ყველაზე პოპულარულ ვალუტა ლაიტკოინს ეხება.

კოინბეისი აშშ-ის შიდა რეზერვის სამსახურს (IRS) დათანხმდა, რომ თავისი 13 000 კლიენტის მონაცემებს მიაწვდის. ამ მონაცემებში შედის როგორც საგადასახადო ID, ასევე სახელი, დაბადების თარიღი, განხორციელებული ტრანზაქციების ჩანაწერები და სხვა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამ ბაზრის ყურადღება მიიქცია, მაგრამ ფასების ძლიერი რყევა არ გამოუწვევია.

„ბიტფაინექსის“ გაცვლით პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი კვლავ 10 000 დოლარის ნიშნულზე დაბლა იმყოფება. ეთერეუმი, რომელიც კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი ციფრული ვალუტაა, 1.14 პროცენტით, 848.02 დოლარამდე მოიმატა. 1.85 პროცენტით, 0.88910 დოლარამდე შემცირდა რიპლის (XRP) ფასი, თუმცა შემდეგ ზრდა დაიწყო. 8.63 პროცენტით, 222.83 დოლარამდე გაიზარდა ლაიტკოინის ფასი.

ლაიტკოინის ზრდა მისი დამაარსებლის, ჩარლი ლის განცხადებამ გამოიწვია იმის შესახებ, რომ წელს ლაიტკოინის ფასი ბიტკოინ ქეშისას გადაასწრებს. ცნობისათვის, ბიტკოინის განაყოფი ვალუტა ამჟამად 1 200 დოლარზე ძვირი ღირს (კოინმარკეტ კაპის მონაცემებით) და ამ მხრივ, რეიტინგში მეორე ადგილზეა ბიტკოინის შემდეგ. თუმცა კაპიტალიზაციის მხრივ, მეოთხე პოზიცია უკავია.

ლის მიაჩნია, რომ ეთერიუმი ფასით ვერასდროს გადაასწრებს ბიტკოინს, ლაიტკოინი კი მალე ბიტკოინ ქეშზე ძვირი ეღირება. მალე ლაიტკოინი გადახდის პლატფორმა „ლაიტპეის“ აამოქმედებს, რისი მეშვეობითაც, ლაიტკოინზე, როგორც საგადამხდელო ვალუტაზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. ჩარლი ლი ამბობს, რომ წლის მეორე ნახევარში, გადახდის კიდევ ერთი სისტემა - ლაიტპალი ამოქმედდება.