ფინანსთა სამინისტროში დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებაზე მოთხოვნა 180-მა კომპანიამ შეიტანა

ქართველი მეწარმეებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნება 15 იანვარს დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე განაცხადი უკვე 180-მა კომპანიამ შეიტანა, რომლებსაც დღგ-ს ზედმეტობა ერთი კვირის ვადაში დაუბრუნდებათ.

„15 იანვრიდან დღემდე 180 კომპანიას დაუკმაყოფილდა მოთხოვნა და ეს კომპანიები არიან დამუშავების პროცესში. ისინი დღგ-ს ზედმეტობას შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში დაიბრუნებენ. ეს არის 4-ჯერ მეტი განაცხადი, ვიდრე 2017 წელს იყო“, - განმარტა ბახტაძემ.

მისივე თქმით, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება უკვე ავტომატურ რეჟიმში წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.

„ჩვენი მიზანია, რომ წლის მეორე ნახევრიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში მოხდეს. ჩვენს მეწარმეებს საბრუნავ კაპიტალზე წვდომის პრობლემა ყოველთვის ჰქონდათ. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება დროულად მივაწოდოთ მათ დღგ-ს ზედმეტობა. მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალური მოვლენაა ის, რომ ზედმეტობის დაბრუნებას 5-დან 7 დღემდე, ადამიანური ფაქტორის ჩარევის გარეშე შევძლებთ. ამას სჭირდება შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გამართვა, რომელზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასევე მან მეწარმეებს მოუწოდა, რომ ვისაც დღგ-ს ზედმეტობა აქვთ, განაცხადები დროულად შეავსონ.

მისივე ინფორმაციით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნების ფარგლებში, მიმდინარე წელს მეწარმეებისთვის ნახევარ მილიარდამდე ლარის დაბრუნება იგეგმება, ხოლო მომავალ წელს ამ ციფრს 650 მილიონ ლარამდე გაზრდიან.

თეონა კენჭიაშვილი