სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა თბილისის მერიასთან დღეს გამაფრთხილებელიაქცია გამართეს. ისინი პრობლემების მოსაგვარებლად მერიისგან დახმარებას ითხოვენ.
როგორც აქციაზე „სვეტის“ მენაშენეებმა განაცხადეს, კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მირცხულავას ქ. #9/11-ში მშენებარე კორპუსების მშენებლობის დასრულებას ვერ ახერხებენ. ადგილზე მხოლოდ ორი სართულია აშენებული, როცა 2017 წლის დეკემბერში მენაშენეთა ნაწილს კორპუსში უკვე ბინები უნდა ჰქონოდათ და საცხოვრებლად შესულიყვნენ. ადგილზე სულ 18 კორპუსი უნდა აშენდეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გრიგოლ სირბილაძის თქმით, მას წინასწარ უკვე გადახდილი აქვს 73 ათასი დოლარი ორი ბინის შესაძენად. მშენებლობა „ალდაგს“ ჰქონდა დაზღვეული, რის გამოც, ამ კომპანიას ენდნენ. თუმცა გაარკვიეს, რომ 23 თებერვალს „ალდაგმა“ მშენებლობის დაზღვევა შეწყვიტა.
აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიასთან წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ.