საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტებისპროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ღონისძიებას სიტყვით გახსნის საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. პრეზენტაციაზე, საპატიო მომხსენებელი იქნება კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორი სტეფანო დომინიონი.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, რეგიონული მმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში - კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება.