არგუმენტებს მოკლებულია საუბარი იმაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს საპენსიო რეფორმა , - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანი აღნიშნული რეფორმის არის ის, რომ საქართველოში მივიღოთ სოციალური დაცვის მისაღები დონე.
”ვერ ნახავთ ვერცერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც აღნიშნული რეფორმა არ განუხორციელებია. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს პრინციპულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს. უფრო მეტიც, ვისურვებდი, რომ ეს რეფორმა გაცილებით ადრე განეხორციელებინა მათ შორის იმ ოპონენტებს, ვინც დღეს საუბრობს. ძალიან არგუმენტებს მოკლებულია საუბარი იმაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს ეს რეფორმა. რეფორმა არის ძალიან კომპლექსური. ის შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, მოდელის გარშემო აუცილებელია იყოს დეტალური მსჯელობა. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან. რა თქმა უნდა, აღნიშნული რეფორმა დაეფუძნება ფართო კონსენსუსს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ლოგიკა, რომ აღნიშნული რეფორმა ვინმეს დამატებით ტვირთად დააწვება, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტიდან ხდება თანადაფინანსება”, - განაცხადა ბახტაძემ.