„თბილისში ფაქტობრივად, თავისუფალი მიწა აღარ არსებობს“ - სპეციალისტები დედაქალაქში სამშენებლო ბუმის მიზეზებს განმარტავენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს, საქართველოს მასშტაბით მშენებლობის 10 495 ნებართვა გაიცა, რაც ჯამში, 6 494 768 კვ.მ ფართობია.

აქედან, ყველაზე მეტი 5 032 ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში 3 301 705 კვ.მ-ის მშენებლობა განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქს მშენებლობის ტემპით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რეგიონები.

საგულისხმოა, რომ მთელს ქვეყანაში გაცემული ნებართვების თითქმის ნახევარი სწორედ დედაქალაქზე მოდის. ის ფაქტი, რომ დედაქალაქი მშენებლობების რიცხვით ყოველთვის გამორჩეულია, უცხო არ არის. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემის სიმწვავეზე მეტყველებს. უძრავი ქონების სააგენტოს myclient. ge-ს დირექტორს გვანცა გუჯელაშვილს მიაჩნია, რომ დედაქალაქში მშენებლობების რიცხვის მომატება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონით არის გამოწვეული.

„ქვეყანაში უმუშევრობის ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომ, მოქალაქეები, იმისთვის, რომ ეკონომიკურად უზრუნველყოფილები იყვნენ, ცდილობენ, ცხოვრება იქ დაიწყონ, სადაც უფრო მეტი სამუშაო ადგილი ეგულებათ. მოქალაქეების შიდა მიგრაცია კი აჩენს საცხოვრებელი ადგილების გაჩენის აუცილებლობას. შესაბამისად, სამშენებლო ბიზნესიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მშენებლობა განახორციელოს. დედაქალაქში მშენებლობების ასეთი ტემპით ზრდა იწვევს იმას, რაც უკვე რეალობაა - თბილისის ყველა უბანში მიმდინარეობს მშენებლობები და ფაქტობრივად, თავისუფალი მიწა აღარ არსებობს,“-განაცხადა გუჯელაშვილმა.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დედაქალაქში მშენებლობების ზრდის ტენდენცია ბევრი მიმართულებით გაზრდის პრობლემას.

„ჩვენი კომპანიის დაკვირვებით, მშენებლობების გაზრდამ, რომელმაც თავის მხრივ მიწოდებაც გაზარდა, უძრავი ქონების ფასების შემცირება გამოიწვია. პრობლემაა ასევე, რომ ზემოხსენებული

მშენებლობები ძირითადად უხარისხოდ და სხვადასხვა სამართლებრივი დარღვევით ხორციელდება

რამაც შეიძლება, დღეს თუ არა მომავალში ადამიანების სიცოცხლეს დიდი საფრთხე შეუქმნას,“-განმარტავს გუჯელაშვილი.

Myclien.ge-ში აცხადებენ, რომ „ის რეგულაციები, რომლის განხორციელებაც იგეგმება და რომელიც მშენებლობის ნებართვების გამკაცრებას ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებას; ხოლო ის სამშენებლოები, რომლებიც სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ავტომატურად ჩამოშორდებიან საქმიანობას. შეიძლება, ამან გამოიწვიოს უძრავი ქონების ფასების ზრდა, მაგრამ იმ სავალალო შედეგებს, რომელიც შესაძლოა, დადგეს, ჯობია“.