მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია სათამაშო ბიზნესი საქართველოში გახდეს უფრო გამჭვირვალე

იმედია, სათამაშო ბიზნესი საქართველოში ისე განვითარდება, რომ მოთამაშეებს ძირითადად სხვა ქვეყნებიდან მოიზიდავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. ბახტაძის თქმით, რეფორმა, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიმართულებით ხორციელდება, ყველა გამოწვევას კარგად პასუხობს.

”იმედია, აღნიშნული სექტორი საქართველოში ისე განვითარდება, რომ სხვა ქვეყნებიდან მოიზიდავს ძირითადად მოთამაშეებს და ის ნაკლებად შეეხება საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვსურს ძალიან ცივილური ბიზნესსექტორი მივიღოთ ამ რეფორმის შედეგად, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, დაცული იქნება ის, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ არასრულწლოვნების ჩართულობა აღნიშნულ სექტორში. ჩვენი მიზანია გამოვრიცხოთ, რომ ადამიანმა თანხა წააგოს იმ რაოდენობით, რომლის გადახდის საშუალებაც არ ექნება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აღნიშნული სექტორი ბიუჯეტში არის მსხვილი კონტრიბუტორი. რეფორმა კარგად პასუხობს იმ გამოწვევას, რომ ერთი მხრივ ადამიანის უფლებები იყოს დაცული ბოლომდე და აღნიშნული სექტორი გახდეს უფრო გამჭვირვალე. წლის ბოლომდე დავნერგავთ სიახლეს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ რეჟიმში შეგვეძლება მივიღოთ ინფორმაცია აღნიშნულ სექტორში მიმდინარე ბრუნვებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ბახტაძემ.