„რეზონანსი" - ნაავარიები მანქანების იმპორტი დიდი სისწრაფით იზრდება

მწყობრიდან გამოსულ და ნაავარიებ მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში დიდწილად სწორედ ასეთი მანქანები შემოდის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, დაბალი ფასია. ბოლო წლებში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად დაეცა, ამიტომ მატულობს მოთხოვნა იაფ ავტომობილებზე. იმპორტიორები კი ცდილობენ, უცხოეთში მინიმალურ ფასად შეიძინონ თუნდაც მწყობრიდან გამოსული მანქანები, საქართველოში გაარემონტონ და დაბალ ფასად შესთავაზონ მყიდველს.

ჩანაძირი და ნაავარიები მანქანების უმრავლესობა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მგზავრთა გადასაყვანად უვარგისია. საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, თბილისში მოძრავი ტაქსების 80% სწორედ ასეთი მანქანაა. მძღოლები საკუთარ თავსაც და სხვებსაც საფრთხეში აგდებენ. აუცილებელია ამ მხრივ რეგულაციები სასწრაფოდ ამოქმედდეს, რათა მგზავრები საფრთხისგან დაცული იყვნენ.

"ჩანაძირია მანქანა თუ ნაავარიები, რომელსაც თითქმის ხელახლა აწყობენ, მგზავრთა გადასაყვანად უვარგისია. ასეთი ტრანსპორტი ძალიან ცუდად მოქმედებს ეკოლოგიაზეც და ავარიების რაოდენობაზეც. იმპორტიორები მწყობრიდან გამოსულ ტრანსპორტს უცხოეთში ძალიან იაფად ყიდულობენ და შემდეგ საქართველოში ლამის თავიდან აწყობენ და როგორც გამართულ ტრანსპორტს ისე ყიდიან.

ზოგიერთი ასეთი მანქანით დღეში რამდენიმე ასეულ კილომეტრს ფარავს და ხალხიც გადაჰყავს, რაც დიდი საფრთხის შემცველია. თბილისში მოძრავი ტაქსების 80% ასეთი ავტომობილია. მძღოლები საკუთარ თავსაც და სხვებსაც საფრთხეში აგდებენ. აუცილებელია, ამ მხრივ რეგულაციები სასწრაფოდ ამოქმედდეს, რათა დავიცვათ ადამიანები საფრთხისგან.

განბაჟების გაძვირებამ თითქოს შეამცირა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების წილი (რომელთა დიდი ნაწილი ან ნაავარიები ან ჩანაძირია), თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ალანიამ.

მსგავს მანქანებზე მოთხოვნას დაბალი ღირებულება განაპირობებს, რაც ხელმოკლე ქართველი მყიდველისთვის მისაღებია. საკრებულოს დეპუტატ შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, ზოგიერთი ავტომობილი ისეა დაზიანებული, აღდგენას არ ექვემდებარება და არავითარი რემონტი აღარ შეიძლება.

"უკიდურესად დაზიანებული მანქანები შემოდის საქართველოში მისი შემდგომი აღდგენისა და რეალიზაციის მიზნით. ნაწილი გარემონტებული ავტომობილებისა მიდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ნაწილი კი რჩება აქ. არის მსუბუქად დაზიანებული მანქანები და როდესაც იძენ მას, თავად ხედავ, როგორი დეფექტი ახლავს. ფასიდან გამომდინარე, უღირს ადამიანს მისი ყიდვა.

არის ავტომობილები, რომლებსაც კოსმეტიკური აღდგენისთანავე ეწყება პრობლემები. ასეთ მანქანებს აქვს ვიბრაცია, საეჭვო ხმები, ვერ სწორდება ბორბლები და მძღოლს არ ემორჩილება საჭე, რაც დიდი საფრთხის შემცველია. ზოგიერთი ავტომობილი ისეა დაზიანებული, აღდგენას არ ექვემდებარება და არავითარი რემონტი აღარ შეიძლება.

უამრავი იმპორტიორი გამიზნულად ყიდულობს დაზიანებულ მანქანებს, მიზერული ფასიდან გამომდინარე. შემდეგ აქ ხდება მისი განახლება, მაგრამ ასეთი ტრანსპორტით გადაადგილება ძალიან საშიშია. დაზიანებული ავტომობილები ძირითადად ამერიკიდან შემოდის, ევროპული ავტომობილები ძვირია და იქ უფრო მეტი სიმკაცრეა. რაც შეეხება იაპონიას, რაც განბაჟება გაძვირდა, ამ ქვეყნიდან იკლო ავტომობილების იმპორტმა.

თქვენ მიერ ამ პრობლემის წამოწევა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ როგორი სიფრთხილეა გამოსაჩენი, როდესაც ავტომობილს ვყიდულობთ. განსაკუთრებით პრობლემურია მათთვის, ვინც პირველად იძენს და არ აქვს შესაფერისი გამოცდილება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონნსს" ოგბაიძემ.

ჩაძირული ან ნაავარიები მანქანების განახლების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ძირითადი ნაწილების შეცვლა, რაც შემდგომ ავტომობილის გაუმართაობას იწვევს. "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა ფიქრობს, რომ ტექდათვალიერება ასე თუ ისე ამ პრობლემას სააშკარაოზე გამოიტანს. სავალდებულო ინსპექტირებისას სტანდარტებისა და რეგლამენტის დაცვა უნდა მოხდეს.

"როდესაც ნაავარიები ან სხვა მხრივ დაზიანებული ავტომობილების აღდგენას იწყებენ, აუცილებელია, ძირითად კონსტრუქციებს ხელი არ ახლონ. დაზიანებული მანქანების იმპორტი სწრაფად გაიზარდა, რაც ბუნებრივია, რადგან ბაზარზე სწორედ ისეთ ავტომობილებზეა მოთხოვნა, რომლებსაც ძალიან დაბალი თვითღირებულება აქვს. მეორე საკითხია, რამდენად ხარისხიანად ხდება მისი შეკეთება საქართველოში და იმ სტანდარტების დაცვა, რასაც მოითხოვს ტექნიკური გამართულობა. მაგალითად, დარღვევაა, როდესაც ერთი ავტმობილიდან მეორეზე გადააქვთ ძირითადი ნაწილები და ისე აწყობენ, რაც ნამდვილად საშიშია.

საქართველოში იმის გამო, რომ პერიოდული ტექნიკური შემოწმება არ არსებობდა და მისი ადმინისტრირება არ ხდებოდა, არ აღირიცხებოდა მსგავსი დარღვევები, ტექდათვალიერება კი ზუსტად იმისთვისაა საჭირო, რომ დადგენილი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვა მოხდეს. ინსპექტირების შემოღების შემდეგ უკვე აიკრძალა ავტომობილებზე ისეთი ჩარევა, რაც გამომშვები ქარხნის სტანდარტს არღვევს. როცა ინსპექტირების სისტემა სრულად ამოქმედდება, ნაავარიები და ჩაძირული მანქანების წილი ქვეყანაში, ბუნებრივია, შემცირდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კვაშილავამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"