საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40 მილიონი ლარით შეამცირებს. აღნიშნულის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „გვაქვს მოლოდინი, რომ ეს რეფორმა სხვა რეფორმებთან ერთად საშუალებას მოგვცემს მცირე და საშულო ბიზნესის წილი მნიშვნელოვნად გავზარდოთ. შედეგი იქნება, თუ საგადამხდელო ბაზას 30%-ით გავზრდით. უფრო მეტიც, გვაქვს მოლოდინი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი ბიზნესს ისე განავითარებს, რომ მსხვილი გადამხდელი გახდება, რაც რა თქმა უნდა, კარგი შედეგი იქნება. რაც შეეხება ციფრებს და ბიუჯეტზე გავლენას, ფისკალური რისკების ნაწილში ვფიქრობთ, რომ ყველაზე ცუდ სცენარში შესაძლოა, საქმე 40 მილიონიანი რისკთან გვქონდეს,“-აღნიშნა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააცნო საზოგადოებას.
საუბარია ექვს ინიციატივაზე, რომელთა შორისაა: 2019 წლიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელის ამოქმედება და მათი მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ამასთან, იგეგმება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება. ერთ-ერთი ინიციატივა კი მოგების გადასახადის რეფორმას ეხება. კერძოდ, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია, საფინანსო სექტორისთვის გადასახადის რეფორმის ვადის 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევაზე.