დიმიტრი ქუმსიშვილი: "სასტუმრო "რამადა ენკორ თბილისი" სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია"

„სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არის აწყობილი და წარმატებულ შედეგს ვიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა ღია აუქციონი საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მოთხოვნა იყო სულ მცირე 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 25 მილიონი ლარის ინვესტირება.

„დღეს კი სახეზე გვაქვს სასტუმრო 152 ნომრით, რომელშიც 14 მილიონი დოლარია ინვესტირებული. დღეის მდგომარეობით, სასტუმროში დასაქმებულია 100 ადამიანი, თუმცა მომავალში კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ სამუშაო ადგილების ზრდა და სასტუმროების მშენებლობა აქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანია „m2 უძრავი ქონების“ პროექტია. სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ დააფინანსა, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორის ხელშეწყობის კუთხით.