დღეს საქართველოში 731 ათასი პენსიონერია და მათი დიდი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. დღევენდელი პენსია თავისი არსით უფრო სოციალურ დახმარებას წარმოადგენს და მისი მიზანი არა ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა, არამედ უკიდურესი სიღარიბის შემცირებაა. მიუხედავად ამისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა კვლავ აჭარბებს 10%-იან ნიშნულს და 12,2%-ს შეადგენს.
ფასების მუდმივი ზრდის გამო საარსებო მინიმუმი ფაქტობრივად გაუტოლდა სოციალურ პენსიას. საარსებო მინიმუმი კი არის ის მაჩვენებელი, რომელსაც მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ანგარიშობენ და რომელიც ძალიან შორსაა იმ მაჩვენებლისგან - ე.წ. ცხოვრების ღირებულებისგან (Living Wage), რომელსაც ევროპის თუ მსოფლიოს სხვა განვითარებული ან თუნდაც განვითარებადი ქვეყნები იყენებენ.
მაშინ, როცა საქართველო ყველა სფეროში მიისწრაფის ევროპისკენ, დროა ქვეყანა გადავიდეს სოციალური დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებზე.
ევროპული სახელმწიფოსთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია. სწორედ ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა იყოს საპენსიო სისტემა ორიენტირებული და არა ბიზნესის წახალისებასა თუ კეთილდღეობაზე. ბიზნესს საქართველოში საკმარისზე მეტი პრივილეგია აქვს, საპენსიო რეფორმა კი უნდა განხორციელდეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
უპირველესად საპენსიო რეფორმა უნდა ეხებოდეს ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სისტემის მიღმა არ უნდა აღმოჩნდეს გარიყული არცერთი ადამიანი. რეფორმა უნდა შეეხოს ყველას, მათ შორის, მათ ვინც დღეს წარმოადგენენ პენსიონერებს, არიან უმუშევრები ან უარს იტყვიან დაგროვებით სქემაში მონაწილეობაზე. იმისათვის, რომ ამ ადამიანებს არ გაუუარესდეთ მდგომარეობა, დაგროვებითი სისტემის შემოღების პარალელურად, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს საბაზისო პენსიის მომავალ ზრდას და ამ პროცესის საკანონმდებლო დონეზე რაგულირებას. იმისათვის, რომ საბაზისო პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი არ შემცირდეს, აუცილებელია საბაზისო პენსიის ინდექსაცია (ავტომატური ზრდა) მოხდეს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის მიხედვით. საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი აღემატება ინფლაციის მაჩვენებელს და პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის ზრდის ტემპთან. ამით სოციალური პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი შენარჩუნდება არსებულ ნიშნულზე, ხოლო მის ზრდაზე უკვე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დაგროვებითი პენსიის დამატება.
დადებითი ნაბიჯია ის, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში აისახა პროფკავშირების მოთხოვნა- სისტემაში ჩართვის უფლება ჰქონოდათ თვითდასაქმებულებსაც. მაგრამ თვითდასაქმებულებს არ უნდა ჰქონდეთ ვალდებულება გადაიხადონ იმაზე მეტი, ვიდრე დაქირავებით დასაქმებულები იხდიან. (კანონპროექტის მიხედვით კი მათ 2%-ის ნაცვლად 4%-ის გადახდის ვალდებულება აქვთ). მსგავსი დათქმა შეამცირებს თვითდასაქმებულთა მოტივაციას გახდნენ საპენსიო სისტემის ნაწილი.
დაგროვებითი საპესნიო სისტემა თავისი არსით უნდა განსხვავდებოდეს კერძო საპენსიო ფონდებისგან. ის უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს და უნდა ეფუძვნებოდეს სოლიდარობის პრინციპს. საპენსიო სისტემის შეფასებისას აღიარებული კრიტერიუმებია სისტემის ადეკვატურობა, მდგრადობა, სამართლიანობა, თანასწორობა და ბენეფიტები, რომელსაც სისტემა სთავაზობს მის მონაწილეებს. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საპენსიო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს: სიღარიბის შემცირებას, ქალებისა და მამაკაცების პენსიებს შორის სხვაობის სიმცირეს, მაღალ ჩანაცვლების კოეფიციენტს, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაფარვას, ფინანსურ სტაბილურობას, მენეჯმენტის დაბალ დანახარჯებს, განხორციელებული შენატანების და მიღებული სარგებლის ადეკვატურობას, ფულადი სახსრების ნაწილის რედისტრიბუციას მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისგან დაბალშემოსავლიანებისკენ და სისტემის მონაწილეთათვის დამატებითი ბენეფიტების არსებობას.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ორიენტირებულია მხოლოდ ფონდის მდგრადობაზე, ეყრდნობა მხოლოდ უნივერსალური სამართლიანობის პრინციპს, რაც ამცირებს ამ რეფორმის სოციალურ ღირებულებას და რაც მომავალში მიგვიყვანს პენსიონერთა შორის შემოსავლის - პენსიის მოცულობის მნიშვნელოვან სხვაობამდე და შესაბამისად შემოსავლების უთანასწორობის ზრდამდე მთლიან მოსახლეობაში.
უთანასწორობის ზრდის თავიდან ასაცილებლად დადებითი ნაბიჯი იქნებოდა ისეთი საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება, როგორიცაა სოლიდარობის ფონდის შექმნა. პროფკავშირების გაერთიანების გათვლებით სოლიდარობის ფონდს დასჭირდება წელიწადში 20 მილიონი ლარი, რათა მან უზრუნველყოს დროებით უმუშევრების (6 თვით), დროებით შრომისუუნაროთა და დეკრეტულ შვებულებაში მყოფთა შენატანების უწყვეტობა საპენსიო ფონდში. ამ თანხის აკუმულირება შესაძლებელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი დასაქმებულების შემოსავლის გარკვეული ნაწილის სოლიდარობის ფონდში გადარიცხვით. ამის ალტერნატივად შეიძლება განხილულ იქნას, ასევე ფონდის საბიუჯეტო დაფინანსება. მომავალში ასეთ ფონდს შესაძლებელია დაემატოს დაბალანაზღაურებად მოქალაქეთათვის მიზნობრივი საპენსიო დანამატის გაცემის ფუნქცია.
პენსიონერთათვის საკვანძო საკითხია პენსიის სიცოცხლის ბოლომდე მიღება. მთავრობის მიერ შემოთავაზაბულ კანონპროექტში ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. დაგროვებითი პენსია გადანაწილდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე (72-75 წელი), ხოლო თუკი ადამიანი ამაზე მეტხანს იცოცხლებს, იგი დარჩება მხოლოდ საბაზისო პენსიის იმედად (180 ლარი). აღნიშნული წარმოადგენს კანონპროექტის მნიშვნელოვან ნაკლს და პროექტი საჭიროებს დაემატოს საპენსიო უზრუნველყოფის სიცოცხლის ბოლომდე დაზღვევის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანი საკითხია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფა. ასეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ადამიანებს, ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას იმუშაონ 60-65 წლის ასაკამდე. საჭიროა სახელმწიფომ მათთვის დაწიოს საპენსიო ასაკი, მინიმუმ 5 წლით. ასეთ შემთხვევაში, პენსიის დაგროვებით ნაწილში ეს ადამიანები უბრალოდ ნაადრევად დაიწყებენ საკუთარი დანაზოგის მიღებას, ხოლო საბაზისო პენსიის ვადაზე ადრე გაცემის ხარჯი სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
ამასთან ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში ხშირად დაისმის საპენსიო ფონდის შექმნის შემთხვევაში ამ ფონდისადმი უნდობლობის საკითხი. დღევანდელი კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედის მხოლოდ 3 მინისტრი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.იმისათვის, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს ნდობა, აუცილებელია, რომ ფონდის მართვაში მონაწილეობდნენ სოციალური პარტნიორები- პროფკავშირები, დამსაქმებლები და ხელისუფლება, რომელთა მიერ განხორციელებული შენატანებიც წარმოადგენს ფონდის შექმნის საფუძველს.
მხოლოდ სოლიდარული და რეალურად სოციალურ საჭიროებებზე მორგებული გეგმა მიგვიყვანს რეფორმის წარმატებამდე. მანამდე კი საჭიროა კანონპროექტში აისახოს შემოსავლების რედისტრიბუციისა და სამართლიანობის პრინციპები.
გიორგი ჭანტურიძე
პროფკავშირების ეკონომიკური ანალიტიკოსი