ლატარიის გათამაშება უახლოეს მომავალში განახლდება. ამის შესახებ, ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ლატარიის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
ამასთან, მათი ცნობით, მომენტალური ლატარიის ბილეთებზე ჯამური საპრიზო ფონდი 16 მილიონ 570 ათასი ლარი იქნება.
იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად როდის დაიწყება ლოტოს გათამაშება „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს ლატარიის კომპანიას დაუკავშირდა, სადაც კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავეს. ჩვენი ინფორმაციით კი, ლატარიის გათამაშება ქვეყნის მასშტაბით მომავალ თვეში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ იქნება როგორც კლასიკური ლოტო 6/36, ისე მომენტალური გათამაშების ბილეთები. რაც შეეხება ფასს, გადასაფხეკი ბარათების მინიმალური ღირებულება 2; ხოლო მაქსიმალური - 3 ლარი იქნება.
ლოტოს გათამაშება ტელეკომპანია „რუსთავი2-ზე“ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ლატარიის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში გასულ წელს შპს „ჯი ენ ელ-მა“ გაიმარჯვა და შედეგად, 2027 წლამდე საქართველოში ლატარიას სწორედ ის ჩაატარებს.