ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის შესაბამისად, 2019 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ქვეყანა შეერთებული შტატები გახდება, რომელიც ამ სფეროში ლიდერის როლს რუსეთს ჩამოართმევს.
ამაში ამერიკას ის გარემოება გამოადგება, რომ ამ ქვეყანაში ფიქალის საბადოების დამუშავება სტაბილურად იზრდება.
„აშშ-ში ფიქალის საბადოების დამუშავება მყარად იზრდება და ამ ზრდის პროცესი სტაბილურია. დინამიკა გვიჩვენებს, რომ შეერთებული შტატები მალე მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა გახდება“, - „როიტერსთან“ საუბრისას ამბობს IEA-ს აღმასრულებელი დირექტორი ფატიჰ ბიროლი.
გასული წლის ბოლოს, ამერიკაში ნავთობის დღიური მოპოვების მოცულობა 10 მილიონ ბარელს ასცდა, რაც 1970-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ტოპ ექსპორტიორ საუდის არაბეთს გადაასწრო.
უფრო მეტიც: აშშ-ის ენერგიის ინფორმაციის სააგენტომ გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში ნავთობის დღიური მოპოვების მოცულობა 11 მილიონ ბარელს ასცდება. შედარებისთვის, რუსეთის შესაბამისი მაჩვენებელი 10 მილიონზე ოდნავ ნაკლებია. ბიროლი დასძენს, რომ აშშ-ში ნავთობის მოპოვება პიკს 2020 წელს მიაღწევს.
ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო ბაზრის დაბალანსების მიზნით, ექსპორტის შეზღუდვაზე არიან შეთანხმებულნი. სწორედ ამერიკაში მოპოვების განუხრელი ზრდაა ის ფაქტორი, რომელიც ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას უშლის ხელს.
ამერიკის გარდა, ნავთობის მოპოვების მკვეთრი ზრდა, კანადასა და ბრაზილიაშიც შეინიშნება. კანადაში სულ უფრო იზრდება ნავთობშემცველი ქვიშრობიდან მოპოვება, ბრაზილია კი ახალ ოფშორულ საბადოებს ხსნის.