19.5 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანების მქონე კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო

„საქართველოს ბანკის’’ განცხადება შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძის გადაწყვეტილებით, მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

„აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში − სასამართლოს თანხმობის გარეშე. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას,“-ნათვამია განჩინებაში.

შეგახსენებთ, რომ შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებელმა“ საქალაქო სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით 2018 წლის 8 იანვარს მიმართა.

საწარმოს წარმომადგენელი განცხადებაში საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ საწარმოს სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი აქვს და არც საქმიანობის აღდგენის პერსპექტივა გააჩნია. ამასთან, მათივე ცნობით, საზოგადოებას არც რაიმე სახის ქონება გააჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მოვალეს ჰყავს ერთი კრედიტორი „საქართველოს ბანკი“, რომლის მიმართაც დავალიანება 19 587 936,3 6 აშშ დოლარს შეადგენს.

საქალაქო სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, კომპანიას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, განცხადების წარმოდგენის დროისთვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, მოვალის ქონება საპროცესო ხარჯების დაფარვას ვერ უზრუნველყოფს.

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ შეიტანა. 2018 წლის 8 თებერვალს კი „საქართველოს ბანკის’’ წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მომართა და შპს „ფოთის ნავთობგადამამუშავებლის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.