Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Apple წარმოებისთვის iPhone-ს სამ ახალ ვერსიას ამზადებს, რომელთა შორისაც ერთი, ყველაზე დიდი ზომის iPhone იქნება.
ახალ ტელეფონს მეტოქე Samsung-ის ფლაგმან ტელეფონზე დიდი ეკრანი ექნება. სამივე ტელეფონი მოდელ X-ის ვერსიებია. მათგან ერთი ყველაზე იაფი, მეორე კი გაუმჯობესებული ვერსია უნდა იყოს.
სამი ახალი ტელეფონი - მომხმარებლისადმი Apple შეთავაზებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გაგრძელდება ეკრანების ზომების ზრდა. Bloomberg-ის ინფორმაციის შესაბამისად, რომელიც ამერიკული კომპანიის თანამშრომლისგან მოიპოვა, ყველაზე დიდი აიფონის ეკრანი 6.5-დუიმიანი (16.5 სმ) იქნება.
შედარებისთვის, Samsung-ის უახლესი „გალაქსი S9 პლუსის“ (რომელიც კორეულმა კომპანიამ ბაზარზე ახლახან წარადგინა) ეკრანის ზომა 6.2 დუიმი (15.75 სმ) უნდა იყოს. ამჟამად კი ყველაზე დიდი ეკრანი (6.3 დუიმი) Samsung-ის მოდელ „ნოუტ 8-ს“ აქვს. სხვათა შორის, კორეული კომპანია შემოდგომაზე ბაზარზე „ნოუტის“ ახალ ვერსიას წარადგენს, რომელსაც სავარაუდოდ, Apple-ის ახალ ტელეფონზე დიდი ეკრანი ექნება.
ცნობილია, რომ Apple-ს თავისი ახალი ტელეფონების ტესტირება უკვე დაწყებულ აქვს, მათ შესახებ პირველ ოფიციალურ ინფორმაციას კი შემოდგომაზე გაგვაცნობს. თუმცა Bloomberg-ი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მანამდე გეგმები შეიცვალოს.