როგორ შენდებოდა თბილისის მეტრო - რას იხსენებს 90 წლის პროფესორი

თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წლის 11 იანვარს შევიდა. ის მეტროს მეოთხე სისტემა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, სანტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ), რომლის მშენებლობა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და სწორედ იმ ადამიანის აქტიური მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.

90 წლის პროფესორი აბესალომ ყურაშვილი ხიდების და გვირაბების სპეციალისტია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს დღემდე კითხულობს. ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ერთი კოსმოდრომი არ აუშენებია, დანარჩენი, მთელი ცხოვრება ძირითადი სამშენებლო ობიექტების სათავეებთან იდგა.

"ინსტიტუტი 1950 წელს დავამთავრე, მერე ერთი წელიწადი ბაქოში მეტროს მშენებლობაზე ვიმუშავე. იქიდან რკინიგზის ჯარში წამიყვანეს. საბჭოთა კავშირის ყოფილი ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული იყო და მის აღსადგენად ახალგაზრდა მუშახელი სჭირდებოდათ, თან ხელფასს გვიხდიდნენ, თან სამხედრო სამსახურში გვეთვლებოდა. 400 მეტროს გვირაბი იყო აფეთქებული, არადა, აღდგენით სამუშაოებზე 22 წლის ახალბედა ინჟინერი ვიყავი. ისე აღვადგინე, რომ სამხედრო წოდება ამიმაღლეს. არადა, იმ დროისთვის თურმე ჯარიდან თავისუფალი ვყოფილვარ. რკინიგზის ტრანსპორტის სამინისტროს უჩივლია, მთელი სპეციალისტები ჯარში წაიყვანეს და მეტროს ვეღარ ვაშენებთო. შემდეგ სტალინმა განკარგულება გასცა და 1950-1951 წლებში ვინც წაგვიყვანეს, ყველა უკან გამოგვიშვეს" - იხსენებს მშენებელი.

ბატონმა აბესალომმა კარიერა თბილისის მეტროში ავლაბრის მეტროს ცვლის უფროსის თანამდებობით დაიწყო, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თითქმის ყველა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა, იყო მინისტრიც.

"დიდუბიდან მეტროს სადგურიდან დაწყებული, სამგორის ჩათვლით, მე ავაშენე. მეორე ხაზზე კი - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. სერიოზული სირთულე არაფერი ყოფილა. თავისუფლების მოდანზე, ყოფილი "ცეკავშირის" შენობასთან შახტა იყო და მშენებლობა იქიდან მიმდინარეობდა. მიწა რომ ითხრებოდა, გამოტანისას ბევრი წყალი მოყვებოდა და მიწა იშლებოდა. შემდეგ წყალი გავყინეთ და ბოლომდე მაინც ისე ჩავედით... იმ პერიოდში სტალინი გარდაიცვალა, მის ადგილას ხრუშჩოვი დადგა და 1953 წლის 8 აგვისტოს მოსკოვიდან მივიღეთ ბრძანება - თბილისში მეტროს მშენებლობა ლიკვიდირებულ იქნას და "თავისუფლების მოედანზე" მთავარ შახტასთან ბალასტი ჩაყარეთ! მოკლედ, ხრუშჩოვმა თბილისში მეტროს მშენებლობა გააუქმა...

საქართველოს მაშინდელი ცკ-ს მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო, ხრუშჩოვის ცოლი მისი ცოლის და იყო. როდესაც მოსკოვში ქვისლთან ჩავიდა, არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ ხრუშჩოვს შეუგინია და ბრძანება გაუცია - თბილისის მეტროს ლიკვიდაცია კონსერვაციით შეიცვალოსო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა მშენებლების განახლება. საუბრობდნენ, რომ ისეთი მეტრო უნდა აშენდეს, თავშესაფრად გადაკეთდესო, მაგრამ ჩვენ თავდაცვით ნაგებობად ის არ გვინდოდა, - მეტროს ვაშენებდით. გაგრძელება იხილეთ