Rothschild-ის სათავეში მეშვიდე თაობის მმართველი ინიშნება

Rothschild სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბანკო დინასტიის ისტორიის მქონე ბანკია ევროპაში.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ბანკის სათავეში გვარის ახალი წარმომადგენელი, 37 წლის ალექსანდრ როტშილდი, მამას 75 წლის დავიდ როტშილდს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ჩანაცვლება ამ ზაფხულს მოხდება და აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ როტშილდი გვარის მეშვიდე თაობის წარმომადგენელი იქნება ბანკის მმართველობაში.

ამ დროისთვის ალექსანდრე ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა და მან საგვარეულო ბანკში მუშაობა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაიწყო. მანამდე კი ის კერძო კომპანია Argan Capital-ში მუშაობდა მენეჯერად, სამი წლის განმავლობაში. კიდევ უფრო ადრე კი, ამჟამად გაუქმებული Bear Sterns ბანკის თანამშრომელი იყო.

Rothschild-ის ვებგვერდის თანახმად, ალექსანდრ როტშილდი ბანკის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა, რათა ფოკუსირება მოახდინოს Rothschild Merchant Banking-ის დივიზონის ჩამოყალიბებაზე.

თავად კომპანიაში Financial Times-ის ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

Rothschild -ის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი უძველესი ბანკია ევროპაში და ის 200-ზე მეტი წლის წინ მაიერ ამშელ როტშილდმა დააარსა, რის შემდეგაც მისმა ხუთმა ვაჟიშვილმა საბანკო ბიზნესი ევროპის მასშტაბით წამოიწყო.

Rothschild & Co. - ეს არის ფინანსური ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს საბანკო სფეროს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის: კორპორაციულ და კერძო საბანკო მომსახურებას, კერძო კაპიტალისა და აქტივების მართვას. ბანკის ბოლო მონაცემებით, მისმა ნახევარწლიანმა შემოსავალმა 852 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანიის 40 ქვეყანაში არსებულ წარმომადგენლობაში 2800-მდე ადამიანია დასაქმებული.

კოკა კვირკველია