საქველმოქმედო ზარის ღირებულებიდან ოპერატორები იმაზე მეტ თანხას იტოვებენ, ვიდრე სერვისის მიწოდება უჯდებათ

მარეგულირებელი კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, მობილური ოპერატორები მილიონობით ლარს საქველმოქმედო ზარებიდან იღებენ

„ბანკები და ფინანსები“ ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, რომ მობილური ოპერატორები საქველმოქმედო ზარებიდან მილიონობით ლარის შემოსავალს იღებენ და მოსახლეობის მიერ გადახდილი თითოეული ერთი ლარიდან, დაახლოებით, ნახევარი კომპანიების ჯიბეში მიდიოდა.

სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,,დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა თხოვნით, შეესწავლა საკითხი, თუ რა თანხა უჯდება ამა თუ იმ კომპანიას ერთი საქველმოქმედო ზარის მომსახურების გაწევა.

კვლევის შედეგად მარეგულირებელმა დაადგინა, რომ საქველმოქმედო ზარის ღირებულებიდან ოპერატორი კომპანიები უმეტესად იმაზე მეტ თანხას იტოვებენ, ვიდრე სერვისის მიწოდება უჯდებათ. ანუ, ქველმოქმედებისთვის მოქალაქეების მიერ გაღებული თანხის ზოგჯერ ნახევარიც კი მობილურ კომპანიებს რჩებათ. ეს მაშინ, როდესაც მათი სერვისის ხარჯი 10 თეთრს არ აღემატება. უცნობია სად მიდის ქველმოქმედებიდან ჩამოჭრილი თანხები და დაუპირისპირებს თუ არა აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი საკანონმდებლო რეგულაციებს.

როდესაც მობილური ტელეფონით საქველმოქმედო ნომერზე მოქალაქეები რეკავენ, ისინი ფიქრობენ, რომ ამ დროს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ერთი ლარით ეხმარებიან, რეალურად მის ანგარიშზე გადახდილი თანხის მხოლოდ ნაწილი – დაახლოებით 57 თეთრი ხვდება.

როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, მობილური ოპერატორების მიერ საქველმოქმედო ზარების მომსახურებაზე დანახარჯები მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული გადასახადების გათვალისწინებით 10 თეთრს, ხოლო ფიქსირებული ქსელის ოპერატორისთვის 5 თეთრს არ აღემატება. მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფის დაწევის ინიციატივით კომპანიებს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა.

„კომპანიებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ჩვენი რეკომენდაციები რადგან ფაქტია, რომ დანახარჯები არ არის 10 თეთრზე მეტი მობილურ ქსელში, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 5 თეთრზე მეტი“, – აღნიშნავს დავით გოგიჩაიშვილი, სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მობილური ქსელის ოპერატორებიდან ,,მაგთიკომი“ ერთადერთია, რომელმაც ,,მოამბესთან“ კომენტარი გააკეთა, თუმცა მხოლოდ წერილობითი. როგორც აღნიშნული წერილიდან ირკვევა, კომპანიას მარეგულირებლის რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია და ის თითო ზარის ღირებულების 20%-ს იტოვებს, რაშიც სხვადასხვა ხარჯებთან ერთად კომპანიის მოგებაც იგულისხმება.

,,20%-დან მაგთიკომი იხდის გადასახადებს და ფარავს მომსახურების სხვადასხვა ხარჯებს, რის შემდეგაც კომპანიას რჩება მინიმალური შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ოპერატორს კანონი არ ავალდებულებს მომსახურება გაწიოს შემოსავლის გარეშე. მარეგულირებელს მაგთიკომისგან წარედგინა დეტალური ხარჯთაღრიცხვა, თუ რისგან შედგებოდა საქველმოქმედო ზარის საფასური, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქველმოქმედო ზარებში კომპანიის შემოსავალი მიზერულია’’, – განმარტავენ კომპანია ,,მაგთიკომში“.

დუმილს ამჯობინებენ ,,ბილაინი’’ და ,,ჯეოსელი’’, თუმცა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ,,მაგთიკომის’’ მსგავსად პოლიტიკა არც სხვა კომპანიებს შეუცვლიათ და ზარის ღირებულებიდან ისევ სოლიდურ თანხას იტოვებენ ისინი მოგების სახით. მაგალითად, ,,დედების ფონდში’’ აცხადებენ, რომ დღესაც კომპანიების ნაწილი მათ ერთი ლარიდან 80 თეთრს ნაწილი კი 54 თეთრს ურიცხავს.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ ამ ხელშეკრულებას და ეცადონ, რომ უფრო კარგი პირობები შემოგვთავაზონ’’, – აღნიშნავს ლიკა წიქარიშვილი, ,,დედების ფონდის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

რა თანხას მიიღებს საქველმოქმედო ზარიდან ფონდი, ეს კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან საკითხს კანონი არ არეგულირებს.

საკანონმდებლო ორგანოში საქველმოქმედო ზარის განხორციელებისას დამატებითი ღირებულებების გადასახადისაგან კომპანიების გათავისუფლებას ჯერ არ განიხილავენ და საკითხის გადაწყვეტას მობილურ ოპერატორებსა და მარეგულირებელ კომპანიას შორის მოლაპარაკებების გზით ელოდებიან. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები კომისიის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებენ, პარლამენტში რეგულაციების დაწესებასაც არ გამორიცხავენ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მოამბესთვის დოკუმენტის მიწოდებამდე კომპანიები აცხადებდნენ, რომ საქველმოქმედო ზარის ღირებულებაში მხოლოდ სახელმწიფო გადასახადი 17 თეთრს შეადგენდა, რასაც სხვა ხარჯებიც ემატებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც მარეგულირებელმა დაადგინა, რომ კომპანიების ხარჯი 10 თეთრს არ აღემატება, მობილური ოპერატორების დიდმა ნაწილმა ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა.

მარიამ აბრამიშვილმა

წყარო: „ბანკები და ფინანსები"