სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილი ამერიკული კომპანია Under Armour -ის ხელმძღვანელი კევინ პლანკი მის 1335 კვ/მ ფართობის სახლს ჯორჯთაუნში, 29,5 მილიონ დოლარად ყიდის.
როგორც მისმა წარმომადგენელმა ტომ გედესმა გამოცემა Business Insider-ს განუცხადა, აღნიშნული ფასის შემდეგ ეს სახლი ვაშინგტონში ყველაზე ძვირადღირებული სახლია.
„ქონება პლანკების ოჯახისთვის არასოდეს ყოფილა ძირითადი საცხოვრებელი და ის მათ მეგობრების, ნათესავებისა და სტუმრების მისაღებად შეიძინეს. თუმცა როცა მიხვდნენ, რომ მიუხედავად მასიური განახლებისა, ამ სახლში სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ, გადაწყვიტეს მისი გაყიდვა“ - განაცხადა ტომ გედესმა.
Wall Street Journal -ის ინფორმაციით, აღნიშნული ქონება 2013 წელს კევინ პლანკმა 7,85 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს არის ისტორიული სახლი, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინ აშენდა „ფედერალურ სტილში“. მას 4000 კვ/მ მიწის ფართობი აქვს და პლანკის ხელში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინტენსიურად განახლდა. სახლს გააჩნია 7 საძინებელი, საცურაო აუზი, ცალკე მდგომი სავარჯიშო ნაგებობა და ჭიშკრიანი ადგილი პარკინგისთვის, რომელიც რამდენიმე ავტომობილს იტევს.
კევინ პლანკი ამჟამად ქალაქ ბალტიმორში ცხოვრობს, სადაც განლაგებულია მისი კომპანიის Under Armour-ის სათავო ოფისი.
კოკა კვირკველია