საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა 44% ყველაზე მეტად გერმანული წარმოების პროდუქტების/ნივთების ხარისხს ენდობა. ამის შესახებ IPM-ის კვლევაშია ნათქვამი.
გამოკითხვა რეგიონში, რუსეთსა და მოლდოვაში ჩატარდა და თითოეულ ქვეყანაში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას, თუ რომელი ქვეყნის წარმოებულ პროდუქციას ენდობიან ყველაზე მეტად?
კვლევის თანახმად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმოების პროდუქციასაც ქართველების დიდი ნაწილი იყიდდა, ასე გამოიყურება: გერმანია, რუსეთი, აშშ, იაპონია და საფრანგეთი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ქვეყნებიდან მოლდოვა ერთადერთია, სადაც რესპონდენტების უმრავლესობა - 31% ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის წარმოებას არ ენდობა. დანარჩენი ნაწილიდან კი, რომელიც რომელიმე ქვეყანას ასახელებს, უმეტესობა - 27% გერმანიაში დამზადებულ ნივთებსა და პროდუქტს იყიდდა.
„ქართველებიც (44%) და რუსებიც (28%) ყველაზე მეტად გერმანული წარმოების პროდუქტების/ნივთების ხარისხს ენდობიან. გამოკითხული აზერბაიჯანელების -41% თურქულს, სომხების - 34% რუსულ, 33% კი გერმანული წარმოების პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.
გერმანია სანდო მწარმოებელი ქვეყანაა არა მხოლოდ ამ კვლევის ფარგლებში მონაწილე ხუთი ქვეყნის შეფასებით. როგორც აღმოჩნდა, გაცილებით ფართო მასშტაბითაც, გერმანიას ხარისხიანი პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის იმიჯი აქვს. 2017 წელს სტატისტიკისა და მარკეტინგული კვლევების ორგანიზაციის - „სტატისტას“ (Statista) მიერ 52 ქვეყანაში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგადაც, რესპონდენტების მიერ ყველაზე სანდო მწარმოებელ ქვეყნად სწორედ გერმანია დასახელდა. ათეულშია იაპონია, საფრანგეთი და აშშ-ც, ხოლო რუსეთი ამ რეიტინგში ვერ მოხვდა,“-აღნიშნულია კვლევაში.