ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა -რეალიზაციის  ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი.“ ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, ჯამში 3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.