"ზებრა გადასასვლელებზე უნდა დამონტაჟდეს განათება"

ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის ქალაქში ადგილები, სადაც ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლა შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ ზებრა გადასასვლელებზე განათება უნდა დამონტაჟდეს.

"მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ახლა ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს ჩამოვიყვანთ. ეს საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში სრულად მოხდება ჩანაცვლება. გარდა ამისა, ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ქალაქში გვაქვს გამოკვეთილი კონკრეტული ადგილები , სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დღეის მდგომარეობით გამოვლენილი გვაქს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე მინდა დავავალო გამგებლებს, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე სავალდებულოა ზებრა გადასასვლელებზე დავაყენოთ ღამის განათებები, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და მთლიანად ეს ყველაფერი იქნას მოწესრიგებული", - განაცხადა კალაძემ.