დედოფალ ელიზაბეტის ქონება 500 მლნ დოლარს შეადგენს - სად იშოვა სამეფო ოჯახმა ქონება?

გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, დედოფალი ელიზაბეტ მეორე ბოლო მონაცემებით 530 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს.

გამოცემის ცნობით, სამეფო ოჯახს ყოველწლიურად 1,8 მილიარდი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მოაქვს ბრიტანეთისთვის, მათ შორის, 550 მილიონი მოდის ტურიზმზე.

ბრიტანელი გადასახადების გადამხდელები კი სამეფო ოჯახის შენახვისთვის ყოველწლიურად 104,8 მილიონ გირვანქას იხდიან, რაც ერთ სულ გადასახადის გადამხდელზე შეადგენს 56 პენსს.

სამეფო ოჯახის ქონებას დამატებით 5 მილიონით ძალიან მალე გაამდიდრებს ამ ოჯახის მომავალი წევრი მეგჰან მარკლიც, რომელიც მაისში პრინც ჰარიზე გათხოვდება.

აი, საიდან მოაგროვა სამეფო ოჯახმა მილიონები

თავად დედოფლის საკუთრებაში არ არის არცერთი გვირგვინი და ძვირფასეულობა. ისინი საერთო ეროვნული საკუთრებაა. ასეთ საგანძურს შორისაა სამეფო კოლექციები, რომელსაც ოჯახი ფლობს ერის ნდობის ნიშნად. კოლექცია, რომელიც შედგება ათასობით ტილოსგან, გობელინისგან, მდიდრული ავეჯისგან და სხვადასხვა ძვირფასი ნივთისგან განლაგებუალია სამეფო ოჯახის სხვადასხვა რეზიდენციაში. თუმცა დედოფალი რამდენიმე ტილოს პერსონალურადაც ფლობს, ის ასევე არის სამეფო მარკების უზარმაზარი კოლექციის განმკარგავი, რომელიც მას მამამ, მეფე ჯორჯ მეხუთემ მემკვიდრეობით გადასცა. მის საკუთრებაშია ასევე 65 მილიონად შეფასებული ქალაქგარე სახლი Sandringham House-ი და 140 მილიონად შეფასებული სახლი შოტლანდიაში - Balmoral Castle-ი.

გარდა ამისა, დედოფალი ყოველწლიურად იღებს ე.წ. სუვერენულ გრანტს, რომელიც დედოფლის ხარჯებს ფარავს, მათ შორის: მონარქის ფუნქციების შესრულებას, მოგზაურობას, გართობას და მემკვიდრეობის უზრუნველყოფას.

სუვერენული გრანტის ოდენობა განისაზღვრება Crown Estates-ის შემოსავლების 15%-ით და ის ყოველწიურად მზარდი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, Crown Estate-მა წარმატებით იმუშავა თუ არა. თუმცა ამ თანხის განკარგვას ეროვნული აუდიტის ოფისი პერიოდულად ამოწმებს, ვინაიდან დედოფალს „ცოტა ფული არ შესდის“ და მისი განკარგვა კანონიერად უნდა მოხდეს. უფრო მეტიც, Guardian-ის ინფორმაციით, 15%-იანი შემოსავალი გასულ წელს 25%-მდე გაიზარდა ბუკინგემის სასახლის რემონტის გამო.

Forbes-ის ინფორმაციით, დედოფალ ელიზაბეტის პირადი ქონება 530 მილიონ დოლარს შეადგენს და კანონის თანახმად ის თავისუფალია ქონების გადასახადისგან. თუმცა ეს მოცემულობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1992 წელს ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა დედოფლის საყვარელი „ვინძორების სასახლე“ და ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა, თუ ვის უნდა გაეღო მისი აღდგენისთვის თანხა. შედეგად კი, დანახარჯები დედოფალმა საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა, რაც 1930-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.

Business Insider-ის ინფორმაციით, დედოფალი საკუთარი ნებით შენატანს ახორციელებს ასევე დიდი ბრიტანეთის საგადასახადო ორგანოში HM Revenue and Customs-ში, მემკვიდრეობის გადასახადისა და შემოსავლის გადასახადის სანაცვლოდ. თავად სუვერენული შემოსავალი კი არ იბეგრება.

ამ ოდენობის ქონების მიღმა, სამეფო ოჯახი „ცნობილია“ ფინანსური სკანდალებითაც. შეგახსენებთ, დედოფალი ელიზაბეტი და მისი ვაჟიშვილი პრინცი ჩარლზი არასახარბიელო სკანდალში გასულ წლებში გაეხვნენ. ინტერნეტში გაჟონილი ე.წ. Paradise Papers-ის დოკუმენტებში ნახსენები იყო, რომ დედოფალმა ელიზაბეტმა კაიმანის კუნძულებზე 12 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ხოლო პრინცი ჩარლზის სკანდალი უფრო ადრე, 2007 წელს გასკდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მან ბერმუდის კუნძულზე დარეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიაში 113,500 დოლარად წილი შეიძინა. რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახის ორიოვე წევრმა უარყვეს არაკანონიერი ფინანსური მაქინაციები და აღნიშნულ ქმედებებზე ახსნა-განმარტება გააკეთეს.

კოკა კვირკველია