Apple საკუთარ კლინიკას ხსნის

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple თანამშრომლებისთვის საკუთარ კერძო კლინიკას გახსნის. სამედიცინო ცენტრი, სახელწოდებით AC Wellness, იზრუნებს კომპანიაში დასაქმებულების ჯანმრთელობაზე და ამ გზით შეეცდება თანამშრომლებს შესთავაზოს „საუკეთესო ჯანმრთელობის დაცვის გამოცდილება მსოფლიოში“. კომპანიამ უხმაუროდ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ეძებს გამოცდილ ექიმებს, ექთნებს, ფიტნეს ინსტრუქტორს, ლაბორატორიის თანამშრომელსა და „მზრუნველ ნავიგატორს“.

კომპანია ორი შენობის აშენებას გეგმავს სანტა კლარაში, რომელთაც აღწერს როგორც ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს სამედიცინო სფეროში. ერთი შენობა კომპანიის Apple Park-ში მდებარე სათავო ოფისის spaceship-ის შიგნით განთავსდება, მეორე კი ამ შენობიდან ჩრდილოეთით. CNBC-ის ინფორმაციით, ახალ კლინიკაში გადასასვლელად უკვე განცხადება შეიტანეს სტენფორდის Stanford Health Care-ის (სამედიცინო დაწესებულების) პერსონალმა.

როგორც ჩანს, კომპანიის სამედიცინო დაწესებულება იქნება მეტად ორინტირებული დაავადებების პრევენციაზე, სწორედ ამიტომ მეტი ყურადღება მიექცევა დიეტებსა და სავარჯიშო პროგრამებს.

Apple-ს ამჯერად 120,000 დასაქმებული ჰყავს და ამერიკული კომპანია საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე სხვა ამერიკულ კომპანიებზე გაცილებით მეტს ხარჯავს. ამასთან, ამერიკაში მედიცინის ხარჯები მუდმივად იზრდება და შესაბამისად, კომპანია ფიქრობს, რომ სწორედ ამ გზით დაზოგავს დიდ თანხას და საკუთარ თანამშრომლებს „სახლში“ მიაწვდის მაღალი ხარისხის მომსახურებას.

კოკა კვირკველია