სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ქვემო ფონიჭალაში სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენების მწარმოებელი საწარმო „პოლიმერ 1“ გაიხსნა. საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის მაღალტექნოლოგიური ქარხანა და საწარმოში წარმოებული წყლისა და გაზის პოლიეთილენის მილების გატანა საერთაშორისო ბაზარზე იგეგმება. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნული პროდუქცია საქართველოშიც საკმაოდ მოთხოვნადია.
საწარმოში ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული. წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
„აღნიშვნის ღირსია ლაბორატორია, რომელიც საწარმოშია შექმნილი და რომელიც სრულად აკეთებს გამოშვებული პროდუქციის ტესტირებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელი დარწმუნებული იყოს იმ პროდუქციის ხარისხში, რა პროდუქციასაც აღნიშნული კომპანია უშვებს. ექვს ნახევარ მილიონზე მეტია ინვესტირებული ამ საწარმოში. სახელმწიფოს მხრიდან აქ ორივე კომპონენტი იყო გამოყენებული, ეს არის ინფრასტრუქტურული კომპონენტი, თითქმის 3000 კვ.მეტრი მიწა იყო გადაცემული 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში აღნიშნულ კომპანიაზე, ასევე პროცენტის თანადაფინანსების ნაწილში. საბოლოო ჯამში, თითქმის 400 000 ლარის პროცენტის თანადაფინანსება მოხდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს „პოლიმერ 1“ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 2990 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა.