ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე საქართველოში ძალიან მაღალია.
ამის თქმის საფუძველს გვაძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) კვლევა, რომელიც 158 ქვეყანაში ჩატარდა და 1991-2015 წლების მონაცემებს ეყრდნობა. საქართველო კვლევაში ერთ-ერთი ლიდერია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილით, სხვადასხვა წელს ეს მაჩვენებელი 66-67%-საც კი აღწევდა. ბოლო წლებში მან შემცირება დაიწყო და 2015 წლისთვის 53,07%-ს გაუტოლდა. ვითარების გამოსწორების გზებზე „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომისტი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ესაუბრება:
- არსებობს სხვადასხვა ტერმინი - ჩრდილოვანი ეკონომიკა, არაფორმალური, ფარული, რუხი, შავი, აღურიცხავი და ა.შ. მათ ბევრი საერთო აქვთ, თუმცა ნიუანსებში მაინც განსხვავდებიან. მაგალითად, გლეხის საქმიანობა საკუთარ მეურნეობაში სამოყიანი თოხით არაფორმალურ ეკონომიკად ითვლება. ჩრდილოვან ეკონომიკად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონით დაშვებულია, მაგრამ გადასახადს არ იხდის, ან კანონით დაუშვებელია. მაგალითად, აღურიცხავი, „მარცხენა“ საქონლის წარმოება, საქმიანობა არალიცენზირებული პირის მიერ, მართვის მოწმობის არმქონე პირის ტაქსაობა, ნარკოტიკების, იარაღის წარმოება-ვაჭრობა და ა.შ.
მსოფლიოში 200-მდე სახელმწიფოა, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში, რაც უნდა კანონმორჩილებით გამოირჩეოდეს, ჩრდილოვანი ეკონომიკა ნულამდე დასული არ არის. განსხვავება მასშტაბებშია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ არის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს სწავლობს. არსებობს 1904 წელს დაარსებული დიპლომირებული, სერტიფიცირებული ბუღალტრების ასოციაცია ACCA, რომელიც ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს 200 ათასამდე წარმომადგენელს აერთიანებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოდანაც. ამ ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებზე. საქართველო ამ ანგარიშში ვერ მოხვდა, ამიტომ შედარებისთვის ის ქვეყნები ავიღე, რომლებზეც ორივე ანგარიშში არის მონაცემები. კვლევების შედეგებში ბევრი განსხვავებაა. მაგალითად, სსფ-ის მონაცემებით, აზერბაიჯანში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე 52%-ია, ხოლო ACCA-ს მიხედვით - 67%. ნიგერიაში სავალუტო ფონდის ვერდიქტით ჩრდილოვანი ეკონომიკა 56,7%-ია, ACCA-ს მიხედვით 48%; თურქეთში სავალუტო ფონდის მიხედვით ჩრდილოვანი ეკონომიკა 36%-ია, AССA-ს მონაცემებით - 26%. ინდოეთში სავალუტო ფონდი ჩრდილოვანი ეკონომიკის 24%-იან მასშტაბს ამჩნევს, ACC კი მხოლოდ 17%-ს და ა.შ.
- მათგან რომელ მონაცემებს ენდობით?
- შესაძლოა, ჰიპოთეზურად დავუშვათ ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრუნვის სიდიდის ღირებულების მიხედვით შედარება მთლიან შიგა პროდუქტთან. მაგალითად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საქართველო გამოიყენება ერთ-ერთ ნარკოტრასად. ქვეყნის ტერიტორიაზე ასობით კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაივლის, რომლის დაახლოებით 10% ქვეყანაში რჩება. მისი საბაზრო ღირებულება, რა თქმა უნდა, შეიძლება მრავალ ასეულ მილიონ და მილიარდ ლარსაც კი შეადგენდეს. ამ ნარკოტიკების ღირებულების თანაფარდობა ქვეყანაში წარმოებულ მთლიან შიგა პროდუქტთან შესაძლოა, პროცენტულად ახლოს იყოს სსფ-ის რიცხვებთან. თუმცა ამ მაჩვენებლით ვერ დადასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკის „დაჩრდილული“ წილი 53%-ია! თუ დავუშვებთ, რომ ეკონომიკის 53% მართლაც ჩრდილშია, მაშინ რეალური მშპ დეკლარირებულზე, სულ ცოტა, 2-ჯერ მეტი მაინც უნდა იყოს. სავალუტო ფონდი კი ამ ინდიკატორის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან შეჯერებული, „გაუორმაგებელი“ პარამეტრებით აპელირებს. მოკლედ, სხვადასხვა გარემოება და ინდიკატორი არაპირდაპირ ადასტურებს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის 53%-იანი წილი ნონსენსია!
- მაშინ, რასთან გვაქვს საქმე? რას უნდა ემსახურებოდეს სავალუტო ფონდის გამოქვეყნებული მონაცემები?
- ვფიქრობ, ჩრდილოვან ეკონომიკაში არ უნდა შევიყვანოთ არაფორმალური ეკონომიკა, პირველ რიგში, ჩვენი აგრარული სექტორი. აგრარულ სექტორში ჩვენი მშპ-ის თითქმის ერთი-მეათედი იქმნება, ანუ მისი 8-9% მაინც არაფორმალური ეკონომიკის ხარჯზე ყალიბდება. ხაზს ვუსვამ: ეს ჩრდილოვანი ეკონომიკა არ არის.
მომსახურების სფეროში, არაფორმალური და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებიც დიდია. ერთ მაგალითს მოვიყვან: ყოველწლიურად ქვეყანაში რეგისტრირდება 50 ათასამდე სამეურნეო სუბიექტი. ასეთი ბუმი დიდწილად იმას უკავშირდება, რომ 100 ათას ლარამდე ბრუნვის საწარმოები დღგ-ისგან თავისუფლდებიან. მაგალითად, თქვენ გაქვთ საწარმო, პირობითი სახელწოდებით „ფიქრის გორა 2016“. როდესაც მისი ბრუნვა უახლოვდება 100 ათას ლარს, თქვენ აჩერებთ მისი წარმოების გაფართოებას და ხსნით ახალ საწარმოს, „ფიქრის გორა 2017“-ს, მერე, პერსპექტივაში, „ფიქრის გორა 2018“-ს და ა.შ.
ცხადია, ამით სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკას აუმჯობესებთ, მაგრამ არა რეალურად სამეწარმეო აქტიურობას.
მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის შესახებ. 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში მე-16 ადგილი ეკავა, მე-15 ადგილზე იყო ავსტრალია, მე-17-ზე - გერმანია. ამ ქვეყნების ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები, სსფ-ის მონაცემებით, 12,1% -ს და 15%-ს შეადგენდა და მათ შორის საქართველო თავისი 53%-ით მურმანის ეკალივით იყო! წლევანდელ, 2018 წლის ბიზნესის კეთების რეიტინგში კი საქართველო უკვე მე-9 ადგილზეა. მის წინ ნორვეგიაა (მშპ-ში ჩრდილოვანი ეკონომიკის 17,1%-იანი წილით), ხოლო მე-10 ადგილზე - შვედეთი (ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი - 16,3%). სსფ-ის მონაცემებით, საქართველოზე ნაკლები ჩრდილოვანი ეკონომიკის მქონე ყველა სახმელეთო მეზობელს ჩვენს ქვეყანაზე გაცილებით უარესი პოზიცია აქვს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში. რუსეთი აქ 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 47-ზე, აზერბაიჯანი - 57-ზე და თურქეთი - 60. რა გითხრათ! მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი სულ სხვადასხვა ვექტორზე აკეთებენ აქცენტებს, ამიტომ აქ სულაც არ იქნება შესაფერისი გამოთქმა, რომ მარცხენამ არ იცის, რას აკეთებს მარჯვენა.
ქვეყანაში, თუ ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია, მაშინ რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის 53%-იანი მაჩვენებელი? მსოფლიო პრაქტიკა და გამოცდილება ადასტურებს, რომ რაც უფრო ხელსაყრელი პირობებია ბიზნესის წარმოებისათვის, რაც უფრო დემოკრატიულია საგადასახადო სისტემა, სამართლებრივი ფონი, მით უფრო დაბალია იმ ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები. ამ გამოცდილებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ 53%-იანი მაჩვენებელი აშკარად გადაჭარბებულია.
- თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ამ კვლევიდან ჩანს, მაგრამ როგორ?
- რომ გითხრათ, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკა არ არის, სწორი არ იქნება. აშშ-შიც კი, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობაში სამაგალითოა, ჩრდილოვანი ეკონომიკა მშპ-ის 8-9%-ის ფარგლებში მერყეობს. ამერიკელებს უყვართ თქმა: „ამერიკის ეკონომიკა ვითარდება ღამით, როცა მთავრობას სძინავს“; ანუ მიიჩნევენ, რომ რეგულირება მაინც ხელის შემშლელია. ჩვენთან საგადასახადო გარემო, გადასახადების განაკვეთი, ისეთი მაღალი არ არის, მაგრამ თვითონ ბიზნესში დაკავებული პირების საგადასახადო კულტურა საჭიროებს ამაღლებას. არსებობს ბიუროკრატული პრობლემებიც. მაგალითად, ყოველი 100 ლარის გადასახადის ამოღება ჩვენს სახელმწიფოს, აშშ-თან შედარებით, 3-ჯერ ძვირი უჯდება. უფრო ეფექტიანად რომ მუშაობდეს ჩვენი საგადასახადო სამსახური და ზოგადად, ადმინისტრირების სისტემა, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებდით და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებიც გაცილებით მცირე ზომის იქნებოდა.
ეკა სალაღაია