„2013 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართული კომპანიების მხოლოდ 22 პროცენტი იყენებს საბანკო კრედიტს ინვესტიციების დასაფინანსებლად.
საბანკო სექტორის შემოსავლის უდიდეს ნაწილს უზრუნველყოფს ფიზიკური პირები, მოქალაქეები. სესხების 55% გაცემულია ფიზიკურ პირებზე და ბანკების საპროცენტო შემოსავლების 60%-ს იხდიან ფიზიკური პირები;“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტმა ვაჟა ბერიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საბანკო სექტორი საქართველოში განვითარებულია და ეს კარგია, თუმცა ის ძირითადად იხდის მოგების გადასახადს, მაშინ, როდესაც ბიზნესის სხვა სახეობები იხდიან დღგ-ს, აქციზს და ა.შ. ბანკებს მინიმუმ 2-ჯერ ნაკლები საგადასახადო ტვირთი აქვთ, ვიდრე დანარჩენ ეკონომიკას. ბანკების საქმიანობის, ეკონომიკაში მათი წვლილის შესახებ, რამდენიმე ფაქტს გამოვყოფდი:
„ქართული ბანკები მომგებიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერ პოზიციებზე არიან, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბანკების მოგება 2%-ს შეადგენს, რითაც ისინი მსოფლიოს ხუთეულში არიან, მაგალითად აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 1%-ია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოცულობაში (ასევე მშპ-სთან მიმართებაში) საქართველოს საბანკო სისტემა, მაგალითად, პირველ ადგილზე მყოფ ავსტრალიას თითქმის სამჯერ ჩამოუვარდება, ამ პარამეტრის გათანაბრებით, საქართველო ეკონომიკების ზომასთან შედარებით ბანკების მოგების სიდიდით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
მომგებიანობის მხრივ რომ ქართული საბანკო სექტორი ლიდერია, ამას მოწმობს სხვა მაჩვენებელიც, კერძოდ კაპიტალზე უკუგება (ROE). ეს გვიჩვენებს, რომ თითოეულ დაბანდებულ ლარზე, დოლარზე და ა.შ., რამხელა მოგებას ნახულობს აქციონერი საქართველოში, აშშ-ში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ მხრივ, პრაქტიკულად, ვერ იპოვით ქვეყანას, რომელსაც საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოში საბანკო სექტორი უფრო მეტ სარგებელს იღებს ეკონომიკისგან, ვიდრე ეკონომიკა საბანკო სექტორისგან“, - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
ეკონომისტის განცხადებით, საბანკო სფეროს წილი საფინანსო სექტორის მთლიან აქტივებში აჭარბებს 90%-ს, ანუ საქართველოში ფინანსების მოპოვების პრაქტიკულად ერთადერთი წყარო საბანკო სექტორია: „განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, მაგალითად აშშ-სგან და იაპონიისგან, სადაც ეს მაჩვენებელი 40%-ზე დაბლაა და იქ ეკონომიკაში ფულის მიწოდების ალტერნატიულ და უფრო მძლავრ ინსტუმენტად გვევლინება საფონდო ბაზარი, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო სექტორი და ა.შ.
დასახელებული ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საბანკო სექტორი უფრო მეტ სარგებელს იღებს ეკონომიკისგან, ვიდრე ეკონომიკა საბანკო სექტორისგან. ამდენად, მთლიანობაში მამუკა ხაზარაძის გამოსვლა მისაღები, მისასალმებელი და დროულია“, - აღნიშნა ბერიძემ.