დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად, ერთი წლის განმავლობაში 12 000 სტარტაპი 33 მილიონი ლარით დაფინანსდა. ასეთია „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპების“ ერთწლიანი საქმიანობის შედეგი, რომელზეც „თიბისი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს.
„პროგრამა, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ზუსტად ერთი წლის წინ დამწყები კომპანიების მხარდასაჭერად წამოიწყო, დღეს უკვე 12 000, სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. „თიბისი“ იყო პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც სტარტაპერებს სტარტაპსესხი და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფინანსური პროდუქტები შესთავაზა.
ერთი წლის განმავლობაში, „სტარტაპერის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს 500-ზე მეტი დამწყები კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მედიასა და სოციალურ ქსელში კი სტარტაპებზე 200-ზე მეტი სტატია, ბლოგი, სატელევიზიო რეპორტაჟი, ვიდეო, გიფი მომზადდა.
დღეს პროგრამა „სტარტაპერი“ 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს: საბანკო პროდუქტები, სტარტაპშეთავაზებები, სტარტაპგანათლება, მედიამხარდაჭერა. შეთავაზებული ფინანსური და არაფინანსური სერვისებით დამწყები კომპანიების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სექტორში მიაღწიეს წარმატებას. მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა.
პროგრამას ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ახალი პროდუქტი - სტარტაპ-აგროსესხი და სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის დაემატა და სტარტაპერებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებითაც მიეცათ განვითარების შესაძლებლობა.
სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობის შედეგად „სტარტაპერმა“ შექმნა სპეციალური სტარტაპპროდუქტები, რომლებიც დამწყები კომპანიის წარმომადგენლებს მათთვის საჭირო რესურსებზე წვდომასა და ამ რესურსებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს. „სტარტაპერს“ ერთი წლის განმავლობაში შემოუერთდნენ „სოკარი“, „ჯეოსელი“, „სიქლნეტი“ და „თიბისი დაზღვევა“. პარტნირობა უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ კომპანიასთან იგეგმება.
პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამაში მონაწილე სტარტაპების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.